თამარ ხულორდავა - სახელმწიფო პოლიტიკა კანონით უნდა გამკაცრდეს იმ პირებისა და ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც ხელს უწყობენ უკანონო მიგრაციას
თამარ ხულორდავა - სახელმწიფო პოლიტიკა კანონით უნდა გამკაცრდეს იმ პირებისა და ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც ხელს უწყობენ უკანონო მიგრაციას

კანონით უნდა გამკაცრდეს სახელმწიფო პოლიტიკა იმ პირებისა და ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც ხელს უწყობენ უკანონო მიგრაციას, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავამ​ საქართველოში შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ულრიკ ტიდესტრომთან შეხვედრაზე განაცხადა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო უკანონო მიგრაცია და საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდა, რაც 2018 წლის განმავლობაში შვედეთში დაფიქსირდა.

„ვისაუბრეთ საქართველოდან შვედეთში უსაფუძვლოდ თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდაზე, რაც განსაკუთრებით საყურადღებოა იმის გათვალისწინებით, რომ წელს, მაისში საერთო ევროპული არჩევნებისთვის ეს თემა შესაძლო,ა გახდეს პოლიტიკური მანიპულირების საგანი სხვადასხვა რადიკალური და ულტრამემარჯვენე ძალების მხრიდან“ – განაცხადა თამარ ხულორდავამ.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ დინამიკა შენარჩუნდება, გარკვეული პოლიტიკური სირთულეები წარმოიშობა და დღის წესრიგში შესაძლოა, დადგეს უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი.

„არც ევროკავშირს და არც შვედეთს არ სურს, რომ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი არათუ ამოქმედდეს, არამედ ისიც კი, რომ ამ საკითხზე მსჯელობა დაიწყოს. ამიტომ ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან და ვმსჯელობთ შესაძლო საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ღონისძიებებზე, რამაც უნდა განმუხტოს სიტუაცია. ერთ-ერთი ღონისძიება იქნება სახელმწიფო პოლიტიკის გამკაცრება იმ პირებისა და ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც ხელს უწყობენ უკანონო მიგრაციას“ – აღნიშნა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საზოგადოების ცნობიერების ამაღლების აუცილებლობაზე და ამ მიმართულებით თანამშრომლობაზე.

„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ შვედეთში თავშესაფრის მოთხოვნა არის აბსოლუტურად უსარგებლო. დღეს ელჩმა დაადასტურა, რომ თავშესაფრის მაძიებელთა გაზრდილი რაოდენობის მიუხედავად, ამ განაცხადების დაკმაყოფილების მაჩვენებელი ნულის ტოლია. ამ გზით სვლას არანაირი შედეგი არ მოაქვს, ამიტომ მოვუწოდებ ჩვენს მოქალაქეებს, არ აიღონ დამატებითი ფინანსური ვალდებულებები მხოლოდ იმისთვის, რომ უკან დააბრუნონ საკუთარ ქვეყანაში და აღარ მიეცეთ გარკვეული ვადით ლეგალურად შენგენის სივრცეში შესვლის უფლება. თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობაა გავუფრთხილდეთ ამ მნიშვნელოვან მონაპოვარს“, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.