უკანონო მიგრაციასთან საბრძოლველად იტალია ლიბიას 12 გემს გადასცემს
უკანონო მიგრაციასთან საბრძოლველად იტალია ლიბიას 12 გემს გადასცემს

უკანონო მიგრაციასთან საბრძოლველად იტალია ლიბიას 12 გემს გადასცემს. ჩრდილოეთ აფრიკის სახელმწიფო დახმარების სახით სანაპირო დაცვის 10 კატერსა და ორ გემს მიიღებს.

პროგრამაში გათვალისწინებულია ლიბიური სანაპირო დაცვის პერსონალის სწავლების კურსიც. იტალიის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, დანილ ტონინელის განცხადებით, საერთო ჯამში, ოფიციალურ რომს აღნიშნული ინიციატივა 2,5 მილიონი დოლარი დაუჯდება.

„ჩვენ ვხვდებით, რომ ეს საკმარისი არ არის და ვითარების სტაბილიზაციისთვის გაცილებით მეტი უნდა ვიმუშაოთ. იტალიის ხელისუფლება და ჩვენი სამინისტრო აქტიურად მუშაობს, რომ ხმელთაშუა ზღვაში მიგრანტების გემების ფატალურ კატასტროფებს ბოლო მოეღოს“, – განაცხადა დანილ ტონინელმა.

ევროპა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბურ მიგრაციულ კრიზისს ებრძვის. არალეგალ მიგრანტთა მასშტაბური ნაკადის მიზეზი ახლოს აღმოსავლეთსა და აფრიკაში შეიარაღებული კონფლიქტები და რთული ეკონომიკური პირობებია.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციით, 2018 წლიდან 20 ივნისამდე ევროპაში ზღვის მარშრუტით ჩასული მიგრანტების რაოდენობა 41 ათასს უტოლდება.

ამ ხნის განმავლობაში ხმელთაშუა ზღვის გავლით ევროპაში შეღწევის მცდელობის დროს სახიფათო მოგზაურობას 960 ადამიანი შეეწირა. მიზეზი ხშირშემთხვვაში კონტრაბანდისტების მიერ გაკეთებული კუსტარული ნავებია.