UBS-ის ანალიზის მიხედვით, ბრიტანეთის მშპ ბრექსითის ფაქტორის გამო ორი პროცენტით შემცირდა
გაერთიანებული სამეფო უკვე იხდის ევროკავშირის დატოვების, ე.წ. ბრექსითის საფასურს. როგორც შვეიცარული საფინანსო გიგანტის, UBS-ის დღეს გამოქვეყნებულმა ანალიზმა აჩვენა, ბრიტანეთის მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) ბრექსითის ფაქტორის გამო უკვე 2.1 პროცენტით შემცირდა.
„გაერთიანებული სამეფოს მშპ უკვე 2.1. პროცენტით ნაკლებია, ვიდრე ეს ბრექისითის გარეშე იქნებოდა“,- განაცხადეს UBS-ის ეკონომისტებმა. მათი კვლევის მიხედვით, ქვეყანაში ინვესტიციების მოცულობა 4 პროცენტით შესუსტდა, ინფლაცია 1.5 პროცენტით გაიზარდა, შიდა მოხმარება 1.7 პროცენტით დაეცა, ხოლო რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი 12 პროცენტზე მეტით არის გაუფასურებული.
ანალიტიკოსებმა ბრექსითის ეფექტი ეკონომიკაზე სპეციალური მეთოდოლოგიით დაიანგარიშეს. როგორც ცნობილია, მომავალი წლის მარტის ბოლოს ბრიტანეთი ევროკავშირს დატოვებს. თუმცა დღემდე გაურკვეველია, ზუსტად რა პირობებში მოხდება ეს. მოლაპარაკებები ლონდონსა და ბრიუსელს შორის ჩიხშია შესული. უთანხმოების ერთ-ერთი მთავარი საკითხია, შეინარჩუნებს თუ არა ბრიტანეთი ევრობლოკის ერთიან ბაზარს ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ.