საქსტატი - 2020 წელს საქართველოს რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 6.8 პროცენტით შემცირდა
საქსტატი - 2020 წელს საქართველოს რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 6.8 პროცენტით შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დაზუსტებული მონაცემებით, 2020 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობამ მიმდინარე ფასებში 49 266.7 მლნ ლარი შეადგინა. საქსტატის ცნობით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 2020 წელს წინა წელთან შედარებით, 6.8 პროცენტით შემცირდა, ხოლო დეფლატორის პროცენტულმა ცვლილებამ 7.3 პროცენტი შეადგინა.

ამასთან, საქსტატის ინფორმაციით, მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილებისა და მოტოციკლების რემონტი – 14.8 პროცენტი და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები – 11.7 პროცენტი. შემდგომ პოზიციებს იკავებს – 10.7 პროცენტით დამამუშავებელი მრეწველობა, 8.7 პროცენტით მშენებლობა, 8.3 პროცენტით სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა, 7.5 პროცენტით სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა – სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება, 6.1 პროცენტით ტრანსპორტი და დასაწყობება, 5.1 პროცენტით საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები და 4.9 პროცენტით განათლება.

ზრდა დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: 8.1-პროცენტიანი ზრდა იყო სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობის, ხოლო 8.6-პროცენტიანი განათლების მიმართულებით; სამთო-მოპოვებითი მრეწველობა 12.4 პროცენტით გაიზარდა, 2.3 პროცენტით სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა – სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება; ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები 2.8 პროცენტით გაიზარდა, ინფორმაცია და კომუნიკაცია კი 2.6 პროცენტით. კლება აღინიშნა შემდეგ სექტორებში: განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფისა და საკვების მიწოდების საქმიანობები (-44.9 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (-23.0 პროცენტი), დამამუშავებელი მრეწველობა (-7.1 პროცენტი), მშენებლობა (-8.0 პროცენტი), საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილებისა და მოტოციკლების რემონტი (-4.7 პროცენტი).

დატოვე კომენტარი