უახლოეს მეზობელ ვარსკვლავზე უდიდესი ამოფრქვევა დაფიქსირდა, პროქსიმა b-ზე სიცოცხლის შანსი მცირდება
უახლოეს მეზობელ ვარსკვლავზე უდიდესი ამოფრქვევა დაფიქსირდა, პროქსიმა b-ზე სიცოცხლის შანსი მცირდება

ცნობილია, როგორ ამოაფრქვევს მატერიას ჩვენი უახლოესი მეზობელი ვარსკვლავი პროქსიმა კენტავრი. ახალი კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ გასული წლის მარტში ამ ვარსკვლავზე წარმოუდგენლად დიდი ამოფრქვევა მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ პროქსიმა კენტავრის მასა ჩვენი მზის მასის მხოლოდ ერთ-მერვედს შეადგენს, მისი ვარსკვლავური ანთება ათჯერ აღემატებოდა მზის უდიდეს ამოფრქვევებს.

ეს კი ეჭვქვეშ აყენებს გასულ წელს მკვლევართა მიერ გამოთქმულ ვარაუდს, რომ ამ წითელი ჯუჯას გარშემო საკმაოდ ბევრი პლანეტა მოძრაობს.

იმავე მონაცემების ხელახალი ანალიზის შედეგად ირკვევა, რომ ვარსკვლავის გარშემო სულაც არ არსებობს მტვრის დისკო, როგორც ეს შარშან ივარაუდეს.

გასული წლის ნოემბერში ანდალუსიის ასტროფიზიკის ინსტიტუტის (IAA) მკვლევრებმა განაცხადეს, რომ დააფიქსირეს პროქსიმა კენტავრიდან მომდინარე მხურვალება.


ეს ვარვარება მათ მტვრის დისკოს დაუკავშირეს. ასეთივე რეგიონები მზის სისტემაში ორია — ასტეროიდთა სარტყელი მარსის ორბიტის გადაღმა და კოიპერის სარტყელი პლუტონს მიღმა.

მათი აზრით, ეს ყველაფერი მიუთითებდა მთელ პლანეტარულ სისტემაზე, რომელიც 2016 წელს აღმოჩენილ პლანეტა პროქსიმა b-ის გადაღმა ორბიტაზე უნდა ყოფილიყო განლაგებული.

მკვლევართა ასეთი ვარაუდის საფუძველი გახდა ის, რომ მტვრისა და ასტეროიდთა სარტყელი ფორმირების პროცესში მყოფი ვარსკვლავის გარშემო მოძრავი მტვრის აკრეციის დისკოს ნარჩენებია. როგორც წესი, ამ დისკოსგან წარმოიქმნება პლანეტები.

კარნეგის ინსტიტუტის მკვლევართა ჯგუფის ცნობით, მონაცემთა ამგვარი ინტერპრეტაცია, როგორც ჩანს, მცდარი აღმოჩნდა. კვლევას მერედით მაკგრეგორი ხელმძღვანელობდა.

მათ დაამუშავეს IAA-ს მკვლევართა მიერ დაფიქსირებული ჭარბი სინათლე და მივიდნენ დასკვნამდე, რომ ის მოდის არა მტვრის სარტყელისგან, არამედ წარმოქმნილია მასიური ვარსკვლავური ამოფრქვევის შედეგად.

საინტერესოა, როგორ და რატომ მივიდა ორი სხვადასხვა ჯგუფი ერთი და იმავე მონაცემების დამუშავების შემდეგ ასეთ განსხვავებულ დასკვნამდე?

ორივე ჯგუფი იკვლევდა ატაკამის ფართო მილიმეტრული/სუბმილიმეტრული ტელესკოპის (ALMA) მიერ 2017 წლის 21 იანვარი-25 აპრილის მონაკვეთში 10 საათის განმავლობაში შეგროვილ მონაცემებს. ALMA მსოფლიოს ერთ-ერთი უმძლავრესი რადიოტელესკოპია, რომელიც 66 ანტენისგან შედგება.


IAA-ს ჯგუფის აღმოჩენა ეფუძნებოდა სამი თვის განმავლობაში შეგროვილი სინათლის საშუალო მოცულობას; ვარსკვლავისა და ამოფრქვევის სინათლის კომბინაცია მტვრის ღრუბლად ჩათვალეს.

თავის მხრივ, მაკგრეგორის ჯგუფმა მონაცემებიდან საშუალო მაჩვენებელი არ გამოიყვანა და მიმართა დროში დაკვირვების მეთოდს. საბოლოოდ, ისინი ვარსკვლავურ ამოფრქვევასთან მივიდნენ.

მათ აღმოაჩინეს, რომ 2017 წლის 24 მარტს, 10 წამის განმავლობაში, ვარსკვლავზე აბსოლუტურად მასიური ამოფრქვევა დაფიქსირდა — 1000-ჯერ უფრო კაშკაშა, ვიდრე ვარსკვლავის ჩვეული სინათლე.

საერთო ჯამში, ეს მოვლენა ორ წუთს გაგრძელდა.

ჩვენთვის აქამდეც ცნობილი იყო პროქსიმა კენტავრისთვის დამახასიათებელი აქტიური ამოფრქვევების შესახებ, შესაბამისად, არც ეს მოვლენა ყოფილა განსაკუთრებით უჩვეულო. თუმცა, ეს ყველაფერი კიდევ უფრო ამცირებს სიცოცხლის პოვნის შანსს პროქსიმა b-ზე, ამ ვარსკვლავის გარშემო მოძრავ კლდოვან პლანეტაზე, რომელიც დედამიწაზე 1,3-ჯერ მასიურია.


იმის გამო, რომ პროქსიმა კენტავრი ცივი და მკრთალი ვარსკვლავია, პლანეტა მასთან ძალიან ახლოს უნდა მოძრაობდეს, რათა სასიცოცხლო ზონაში მოექცეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მიიღებს უფრო მეტ ვარსკვლავურ ქარს, რომელიც გაანადგურებს მის ატმოსფეროს, თუკი ის საერთოდ გააჩნია.

„დიდი ალბათობით, ამ ამოფრქვევის დროს, პროქსიმა b-ს მაღალენერგიულ რადიაცია დაარტყამდა. ეს პლანეტა მილიარდობით წლის წინ წარმოიქმნა და შესაბამისად, ასეთ ამოფრქვევებს უნდა აეორთქლებინა მისი ატმოსფერო და ოკეანე, ზედაპირი კი სტერილური გაეხადა, რაც გვაფიქრებინებს, რომ სიცოცხლისთვის ხელსაყრელობას გაცილებით მეტი ფაქტორი სჭირდება, ვიდრე ვარსკვლავიდან შესაფერის მანძილზე მდებარეობა, რაც თხევადი წყლის არსებობის წინაპირობად მიიჩნევა“, — ამბობს მაკგრეგორი.

მიუხედავად ამისა, ეს ყველაფერი სულაც არ ნიშნავს, რომ ყველა იმედი გადაწურულია. შესაძლოა, პროქსიმა კენტავრის გარშემო სხვა პლანეტებიც მოძრაობს, რომლებსაც ჯერ ვერ ვხედავთ.
სინამდვილეში, ჩვენთვის უხილავია თავად პროქსიმა b-ც. ეს პლანეტა 2015 წელს შენიშნეს დოპლერის სპექტროგრაფით, რომელიც პლანეტათა არსებობას ადასტურებს ვარსკვლავის სინათლეში დაფიქსირებული ძალიან მცირე ცვალებადობის გზით, რაც გამოწვეულია ორბიტაზე მოძრავი სხეულის გრავიტაციული ველით.

გამომდინარე იქიდან, რომ არ შეგვიძლია უშუალოდ პლანეტის დანახვა, დიდი ალბათობით, უხილავი იქნება იმავე ორბიტულ სიბრტყეზე არსებული სხვა ნებისმიერი პლანეტაც. სხვათა შორის, არც რაიმე მინიშნება არსებობს, რომ იქ რომელიმე სხვა პლანეტაც არსებობს, განსაკუთრებით ახლა, როცა მტვრის ღრუბლის არსებობა სერიოზული ეჭვის ქვეშ დადგა.

„აღარ არსებობს მიზეზი, რომ პროქსიმა კენტავრის გარშემო მნიშვნელოვანი ოდენობის მტვერია. არც რაიმე სხვა ინფორმაცია გვაქვს, რომელიც გვაფიქრებინებდა, რომ ამ ვარსკვლავს მდიდარი პლანეტარული სისტემა აქვს, მაგალითად, მზის მსგავსად“, — ამბობს კვლევის თანაავტორი ალისია ვაინბერგერი.

ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ ახალ კვლევებს.

ჯგუფის კვლევა The Astrophysical Journal Letters-ში გამოქვეყნდა; ასევე ხელმისაწვდომია სერვერ arXiv-ზე.

მომზადებულია carnegiescience.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით