ტყიბულში სპეციალისტები ამ ეტაპზე ტექნიკურ დოკუმენტაციას სწავლობენ, – ამის შესახებ პირველ არხს ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელმა გრიგოლ კაკაურიძემ განუცხადა.
„ამ ეტაპზე ვსწავლობთ ტექნიკურ დოკუმენტაციას, მომდევნო ეტაპი კი შემთხვევის ადგილის ინსპექტირება იქნება. წინასწარ ვინმეს ბრალეულობაზე ვერ ვისაუბრებთ. ინსპექტირების ოქმი მოკვლევის პროცესის შემდეგ დაიდება“, – განაცხადა კაკაურიძემ.
პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, ტყიბულში უკვე ჩავიდნენ ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები.
მინდელის შახტში დღეს დილით ტრაგედია მოხდა. შემთხვევას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია ექვსი ადამიანი. როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, მინდელის შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.
ტყიბულის შახტი კომპანია „საქნახშირს“ ეკუთვნის. შახტში ტრაგედია მიმდინარე წლის 5 აპრილსაც მოხდა. მაშინ შემთხვევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა.