ტყიბულში მომხდარ დაჭრაში ბრალდებული პირი თბილისში დააკავეს
ტყიბულში მომხდარ დაჭრაში ბრალდებული პირი თბილისში დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ტყიბულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარ სამმართველოსთან ერთად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1970 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი კ.რ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალად დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობა ედება.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 7 ივლისს, ტყიბულში, გელათის ქუჩაზე, წარსულში არსებული უთანხმოების გამო მომხდარი ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, ნაცნობი – 1987 წელს დაბადებული ა.ფ. სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა. ამის შემდეგ კ.რ. შემთხვევის ადგილიდან მეგობრის – 1974 წელს დაბადებული ზ.ს.-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით მიიმალა.

დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კ.რ. მომხდარიდან რამდენიმე დღეში, თბილისში, ბრალდებულის სახით დააკავეს. კ.რ.-ის მეგობარი – ზ.ს. კი, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით პოლიციის მიერ მომხდარიდან მალევე, ტყიბულში იქნა დაკავებული“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 376-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 11-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.