ტყიბულში არსებული ყველა შახტი გამოძიების დასრულებამდე დაილუქება, – ამის შესახებ იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ბესიკ ამირანაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, საუბრია დაახლოებით 25 შახტზე.
რაც შეეხება 5 აპრილს მინდელის შახტში მომხდარი ფაქტის გამოძიებას, ამირანაშვილის თქმით, გამოძიება ჯერ დასრულებული არ არის.
„მიმდინარეობს კვლავ გამოძიება, რამეთუ საქმე ძალიან რთული და მოცულობითია. ფაქტობრივად, გამოძიებას უწევს ექსპერტიზიდან ექსპერტიზაზე გადასვლა. საგამოძიებო დანაყოფებმა უკვე შეასრულეს ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება აღნიშნულ ადგილზე, შესაბამისად, აღარ იყო იმის აუცილებლობა, რომ შახტები დალუქული დარჩენილიყო“, – განაცხადა ამირანაშვილმა.
მინდელის შახტში დღეს დილით ტრაგედია მოხდა. შემთხვევას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია ექვსი ადამიანი. როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, მინდელის შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.
ტყიბულის შახტი კომპანია „საქნახშირს“ ეკუთვნის. შახტში ტრაგედია მიმდინარე წლის 5 აპრილსაც მოხდა. მაშინ შემთხვევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა.