ტყიბულში, მინდელის შახტის წინ მეშახტეების აქცია მიმდინარეობს. შეკრებილები კომპანია „საქნახშირის“ ადმინისტრაციიდან რამდენიმე პასუხისმგებელი პირის გათავისუფლებას და პრემიერ-მინისტრის ინიციატივის წერილობით გაფორმებას ითხოვენ.
აქციის მონაწილეების თქმით, მათ სჭირდებათ გარანტია, რომ გაცდენილ დღეებს კომპანია აუნაზღაურებს.
„თანამდებობები უნდა დატოვონ ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, მათ, ვინც პასუხისმგებელი იყო შახტში უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე. მათი ადგილი პროფესიონალმა კადრებმა უნდა დაიკავონ, რათა შახტში ჩვენი უსაფრთხო დაბრუნება და მუშაობის განახლება მოხდეს”,-განაცხადა 1-ელ არხთან აქციის მონაწილე ხვიჩა გაბუნიამ.
შეგახსენებთ, მინდელის შახტში მომხდარ შემთხვევას 16 ივლისს ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია ექვსი ადამიანი. როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, მინდელის შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციისას ჭერი ჩამოიშალა. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.