ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალდაბის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია დასრულდა
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და ფონდი „ქართუს“ ფინანსური უზრუნველყოფით, ტყიბულის მუნიციპალიტეტის, სოფელ ახალდაბის (ხრესილი თემის) წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია დასრულდა.
სარესტავრაციო პროცესი, რომელიც 2018 წელს დაიწყო, ორ ეტაპად წარიმართა და შპს „ბედეკი WESTI“-მ განახორციელა.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უწყების არქეოლოგიური მეთვალყურებით ძეგლის ტერიტორია სამშენებლო ნარჩენისაგან გაიწმინდა. ეკლესიის დეფორმირებულ უბნებზე მოიხსნა ქვების წყობა, რომლის დაკარგული ნაწილები უხეშად თლილი კირქვით აღდგა. სარკმლის ჩამოშლილი საპირე წყობა კი, დამუშავებული კირქვით რესტავრირდა. ტაძრის ინტერიერში, ჩრდილოეთისა და სამხრეთ კედლებზე აღდგა კამარის საბჯენი კაპიტელები და თაღები. კონქის დეფორმირებული ნაწილები გადაეწყო უხეშად დამუშავებული კირქვით. სახურავის ხის ელემენტები დამუშავდა ანტისეპტიკური ხსნარითა და ლორფინის იმიტაციის მქონე დაფერილი თუნუქით გადაიხურა.
ამასთან, რეაბილიტაციის ფარგლებში, ტაძარის საკურთხეველში კირხსნარზე მოეწყო იატაკის ავთენტური ფორმის ახალი ფილები. დამზადდა ხის კარი და შეიმინა სარკმელები. ინტერიერში და ფასადებზე კი, კედლების ნაკერები სპეცკირხსნარით ამოივსო და გამაგრდა.