რუსული მედიის ცნობით, ალექსანდრ ზახარჩენკოს მკვლელობაში ეჭვმიტანილები დააკავეს
თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ე.წ. ლიდერის ალექსანდრ ზახარჩენკოს მკვლელობაში ეჭვმიტანილები დაკავებულები არიან, – ამის შესახებ რუსულ მედიასთან ზახარჩენკოს თანაშემწემ განაცხადა. სეპარატისტულმა ძალებმა მომხდარი ტერაქტად შეაფასეს და დონეცკში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს.
ზახარჩენკო დონეცკის ცენტრში მდებარე კაფე „სეპარში“ აფეთქების შედეგად დაიღუპა. ასევე, დაშავებულია სამი ადამიანი, მათ შორისაა ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ე.წ. შემოსავლების მინისტრი ალექსანდრ ტიმოფეევი.
მომხდარს გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი.
„ალექსანდრ ზახარჩენკოს მზაკვრული მკვლელობა კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ მათ, ვინც აირჩია ტერორის, ძალადობის, დაშინების გზა, არ სურთ სამხრეთ-დასავლეთთან რეალური დიალოგი, არ სურთ კონფლიქტის მშვიდობიანი პოლიტიკური დარეგულირების ძიება. ისინი საშიშ ფსონს სიტუაციის დესტაბილიზაციაზე აკეთებენ, რათა დონბასის ხალხი მუხლებზე დააჩოქონ. მათ ეს არ გამოუვათ“, – ნათქვამია პუტინის განცხადებაში.