როდესაც ადამიანი 40 წელს გადააბიჯებს, ახლო ხედვა გაუარესებას იწყებს. მრავალი ადამიანისთვის, ტელეფონზე შრიფტის ზომის გაზრდა და კომპიუტერზე სიკაშკაშის მომატება ზოგიერთი ტექსტის წაკითხვის ერთადერთი გზა ხდება.
ამ მდგომარეობას პრესბიოპიას უწოდებენ და მხოლოდ აშშ-ში, ის 128 მილიონს აწუხებს, მსოფლიოში კი მილიარდზე მეტ ადამიანს.
2021 წლის ბოლოს, აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ პრესბიოპიის სამკურანალოდ თვალის ახალი წვეთები დაამტკიცა. სიახლეს მრავალი ოპტიკოსი სკეპტიკურად შეხვდა.
თვალის ამ წვეთების, სახელად Vuity-ს გამოსვლამდე, პრესბიოპიის სამკურნალოდ ადამიანებს ან სათვალე სჭირდებოდათ, ან კონტაქტური ლინზები, ან ქირურგიული ჩარევა.
მედიკამენტის მოქმედების პრინციპის კარგად შესწავლის შემდეგ, პიტსბურგის ჯანდაცვის მეცნიერებათა უნივერსიტეტის ოფთალმოლოგიის პროფესორი რობერტ ბიტნერი სამეცნიერო პრეპარატის შესახებ გამოცემაში ვრცელ წერილს აქვეყნებს.
როგორც ბიტნერი წერს, მას შემდეგ, რაც შეისწავლა, თუ როგორ მოქმედებს თვალის ახალი წვეთები, დარწმუნდა, რომ ის მარტივ და უსაფრთხო გზას გვთავაზობს, რათა კვლავ მკაფიოდ დავინახოთ.
როგორ ფოკუსირდება თვალები
ადამიანის თვალის მრავალი ნაწილი შემავალ სინათლესთან ურთიერთქმედების გზით წარმოქმნის მკაფიო სურათს.
პირველად სინათლე რქოვანას ეცემა, სუფთა გარე გარსს, რომელიც თავდაპირველად ამრუდებს სინათლეს. შემდეგ სინათლე გაივლის ირისს და გუგას, რომელიც მას ამცირებს ან ზრდის, რომ სინათლე მეტნაკლებად შევიდეს თვალის შიგნით. შემდეგ სინათლე ბროლში გაივლის, რომელიც მას კიდევ უფრო ამრუდებს და ზუსტად აფოკუსებს ბადურის ცენტრზე. საბოლოოდ, სინათლის სიგნალი თვალის უკან არსებულ ოპტიკურ ნერვს გადაეცემა, რათა თავის ტვინმა ის გამოსახულების სახით აღიქვას.
მკაფიო სურათის წარმოსაქმნელად, საჭიროა, რომ თქვენმა თვალებმა დაარეგულიროს, რამდენად შორს არის ობიექტი. თქვენი სახის წინ არსებული ობიექტების დასაფოკუსირებლად თვალები სამ ძირითად ნაბიჯს დგამენ: მიემართებიან საგნისკენ, რომლის დანახვაც გსურთ, ბროლები ფორმას იცვლის და გუგა ვიწროვდება.
როგორც კი მზერას მიმართავთ იმაზე, რაც გაინტერესებთ, თვალში არსებული ერთი პატარა კუნთი შეიკუმშება, რაც ბროლს ფორმას უცვლის და უფრო ასქელებს. რაც უფრო სქელია ბროლი, მით უფრო მეტად მრუდდება მასში გამავალი სინათლე. ამავე დროს, იკუმშება გუგებიც, რათა დაბლოკოს უფრო შორს მდებარე სხვა ობიექტებიდან მომდინარე სინათლის გარკვეული ნაწილი.
როდესაც სინათლე ობიექტისგან აირეკლება და თქვენს თვალში შედის, მკაფიო გამოსახულებას ცენტრში არსებული სინათლის სხივები წარმოქმნის. გუგის შეკუმშვის გზით გაფანტული სინათლის დაბლოკვა, ახლო ობიექტთა გამოსახულებას ამკვეთრებს.
ამ პროცესის სიმულირება თქვენი სმარტფონის კამერით შეგიძლიათ. პირველ რიგში, მიმართეთ კამერა რაღაც ობიექტისკენ. შემდეგ გამოსახულებაში თქვენი თითი შეიყვანეთ და კამერისგან დაახლოებით 15 სანტიმეტრზე დაიჭირეთ. თითი გაიბლარება, მაგრამ როგორც კი კამერის ლინზა ფორმას შეიცვლის, თითი დაფოკუსდება.
რა არის პრესბიოპია?
პრესბიოპია არის თვალების უუნარობა, ფოკუსირდეს ახლო ობიექტებზე, რის გამოც, გამოსახულებას ბუნდოვნად ხედავთ. იწყება 40 წელს ზემოთ ასაკში და პროგრესირებს დაახლოებით 60 წლის ასაკამდე, როცა იწყება მისი პლატოსებრი სვლა.
მკვლევრებმა იციან, რომ პრესბიოპიის მთავარი მამოძრავებელი ასაკია, მაგრამ ცხარე დებატები მიმდინარეობს მის გამომწვევ მექანიზმზე.
ერთი თეორიის მიხედვით, ბროლების დაბერებასთან ერთად, ისინი მძიმდება და ფორმას ადვილად ვეღარ იცვლის. კიდევ ერთი თეორიის მიხედვით კი, ასაკთან ერთად სუსტდება კუნთი, რომელიც ლინზას ჭიმავს. ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ პრესბიოპიას ორივე ამ მექანიზმის კომბინაცია იწვევს.
მიუხედავად მიზეზისა, შედეგი ის არის, რომ როდესაც ახლო ობიექტებს უყურებთ, თვალებს აღარ შეუძლია შემავალი სინათლის იმ დონემდე გამრუდება, რომ ის ბადურის ცენტრისკენ მიმართოს. ამის ნაცვლად, სინათლე ფოკუსირდება ბადურის უკან ადგილში, რაც იწვევს დაბინდულ მხედველობას.
როგორ მოქმედებს თვალის ახალი წვეთები
გახსოვდეთ, ობიექტის ფოკუსირებისას, თვალი ორ ძირითად რამეს აკეთებს: ბროლი იცვლის ფორმას და გუგა წვრილდება. გამომდინარე იქიდან, რომ პრესბიოპია ბროლის ფორმის შეცვლის უნარს ზღუდავს, თავლის ეს ახალი წვეთები ამას გუგის დაპატარავების გზით აკომპენსირებს.
გუგის შეკუმშვა ამცირებს სინათლის გაფანტვის რაოდენობას. შედეგად, თვალში შემავალი სინათლე უკეთ კონცენტრირდება ბადურაზე და შესაბამისად, წარმოიქმნება მანძილების უფრო ფართო დიაპაზონი, რომელშიც ობიექტები ფოკუსირებულია და ადამიანს საშუალება ეძლევა უკეთ დაინახოს როგორც ახლო, ისე შორეული ობიექტები.
მას შემდეგ, რაც წვეთებს თვალებში ჩაიწვეთებთ, 15 წუთი სჭირდება მოქმედების დასაწყებად მის აქტიურ ინგრედიენტს, პილოკარპინს. პილოკარპინი სამკურნალო საშუალებაა, რომელიც 1800-იანი წლების ბოლოს აღმოაჩინეს და გამოიყენება ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა გლაუკომა და თვალის ჰიპერტენზია. გუგებზე მისი ეფექტი დაახლოებით ექვს საათს გრძელდება.
პატარა გუგები იმას ნიშნავს, რომ თვალში უფრო ნაკლები სინათლე შედის. მიუხედავად იმისა, რომ კაშკაშა მზიან დღეს ეს პრობლემას არ წარმოადგენს, იწვევს მხედველობის გართულებას დაბალი განათების გარემოში. გარდა ამ უარყოფითი მხარეებისა, წვეთების ყველაზე გავრცელებული გვერდითი ეფექტია თავის ტკივილი და წითელი თვალები.
პრესბიოპია მომავალში
პრეპარატი Vuity ამჟამად დამტკიცებულია თითო თვალში დღეში ერთხელ მოხმარებისთვის. ერთი ბოთლი აშშ-ში დაახლოებით 80 დოლარამდე ღირს, გაიცემა რეცეპტით და ყოველდღიური გამოყენების შემთხვევაში, პაციენტს თითქმის ერთ თვეს ჰყოფნის. ზოგიერთი ადამიანისთვის ის შეიძლება სათვალეების ან ქირურგიული ჩარევის დიდებული ალტერნატივა იყოს.
მართალია, Vuity შეიძლება FDA-ის მიერ პრესბიოპიის სამკურნალოდ დამტკიცებული პირველი თვალის წვეთები იყოს, მაგრამ მკვლევრები რამდენიმე სხვა მიდგომაზეც მუშაობენ. ზოგიერთი მეცნიერი მუშაობს თვალის წვეთებზე, რომელიც შეიცავს ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ პრეპარატებს, რათა მათ გუგის შეკუმშვა უზრუნველყონ, Vuity-ს მსგავსად.
მკვლევართა ზოგიერთი ჯგუფი კი მუშაობს წვეთებზე, რომლებიც ბროლს არბილებს და მის მასას ამცირებს, რათა ხელი შეუწყოს ადვილ ფოკუსირებას. როგორც ზოგიერთი ადრეული კვლევა აჩვენებს, თვალის კუნთების პულსირებადმა ელექტრისტიმულაციამ შეიძლება ისინი გააძლიეროს და გააუმჯობესოს ბროლის გამრუდების უნარი.
პრესბიოპიის მკურნალობის მომავალი საკმაოდ ნათელია, რადგან მეცნიერები მრავალ პოტენციურ გზაზე მუშაობენ, რათა ასაკთან ერთად მოსული ეს უნივერსალური დაავადება საბოლოოდ დამარცხდეს.
მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით.