„ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე ძალადობის ფაქტზე ბრალდებულ კიდევ ერთ პირს პატიმრობა შეეფარდა
„ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე ძალადობის ფაქტზე ბრალდებულ კიდევ ერთ პირს პატიმრობა შეეფარდა

„ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე ძალადობის ფაქტზე ბრალდებულ კიდევ ერთ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გიგა გიგუაშვილს ბრალად ედება ოპერატორ ლექსო ლაშქარავაზე და მასთან ერთად მყოფ ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიაზე ძალადობა.

საუბარია 5 ივლისის მოვლენებზე, რა დროსაც „თბილისი პრაიდის“ საწინაამღდეგოდ გამართული აქციის დროს, მედიის 50-ზე მეტ წარმომადგენელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

„მოწმეთა ჩვენებები ამოცნობის ოქმები ქმნის დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტს, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა ბრალად შერაცხული ქმედება. მართალია, ბრალდებული არ არის ნასამართლევი, მაგრამ ქმედების ხასიათი ქმნის ახალი დანაშაულის საფრთხეს. ბრალდებულის მხრიდან განხორციელებულმა ქმედებამ გამოიწვია ფიზიკური ძალადობა ჟურნალისტების მიმართ. დახურულ სივრცეში, სადარბაზოში, სადაც ოპერატორი და ჟურნალისტი ფიზიკურად ვერ გაიქცეოდნენ გიგა გიგუაშვილი და სხვა პირები ჯგუფურად დაესხნენ მათ თავს. ეს იყო ჰომოფობიური და ტრანსფობიური მოტივებით განხორციელებული ძალადობა. ჟურნალისტები გარკვეულწილად ლგბტ თემის პროპაგანდისტებად ასოცირდებოდნენ. იმისათვის, რომ ამ ადამიანებს  პროფესიული მოვალეობა არ შეესრულებინათ, გადავიდნენ ფიზიკურად ძალადობაზე“, – განაცხადა საქმის პროკურორმა თამარ იაკობიძემ.

პროკურატურა კიდევ ერთი ბრალდებულის მიმართ ითხოვს პატიმრობის შეფარდებას. ჯამში, ამ საქმეზე სულ 29 პირია ბრალდებული და ყველას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.