თუშეთში 10 ციხე-სოფელს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
თუშეთში 10 ციხე-სოფელს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

თუშეთში 10 ციხე-სოფლის რეაბილიტაციისთვის კვლევითი სამუშაოები იწყება,  –  ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, თუშეთში დღეისთვის  უძველესი ნაგებობების ნაწილი დაზიანებულია ან განადგურების პირასაა.

„მოგეხსენებათ, რამხელა სიმდიდრეს წარმოადგენს საქართველოსთვის თუშეთი, კონკრეტულად თავისი ულამაზესი ისტორიულ-ეთნოგრაფიული მემკვიდრეობით, ლანდშაფტით, თვითმყოფადობით. სამწუხაროდ, დღეისთვის უძველესი ნაგებობების ნაწილი არის დაზიანებული ან განადგურების პირას. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ არ ჩატარებულა არანაირი კვლევა ამ კულტურული მემკვიდრეობის და ჩვენ აუცილებლად უნდა დავგეგმოთ აღნიშნული ძეგლების აღწერა პირველ რიგში და ინვენტარიზაცია. შემდგომში უკვე სრული რეაბილიტაცია. ვიწყებთ 10 ციხე-სოფლის საინვენიტარიზაციო კვლევით სამუშაოებს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, აღნიშნული ციხე-სოფლებია:  ძველი დიკლო, ძველი გირევი, ჭონთიო, ჰეღო, აგეურთა, წარო, კვავლო, ფარსმა, დაქიურთა და ინდურთა.

„ეს არის უძველესი ქართული სოფლები. ამისთვის, პირველ ეტაპზე, გამოვყოფთ 400 ათას ლარს, რომ მოხდეს აღწერა. სამუშაოებში ახალგაზრდები, სტუდენტები ჩაერთვებიან, რაც ძალიან კარგია. ზაფხული კარს მოგვადგა უკვე და ამ პერიოდში განხორციელდება სამუშაოები. შემდგომში კი, უკვე ამ აღწერის და თანამედროვე პროფესიული მიდგომების საფუძველზე, აღნიშნული უძველესი და უმნიშვნელოვანესი ძეგლების რეაბილიტაცია მოხდება“, – განაცხადა პრემიერმა.