თურქული მედია - ჯამალ ხაშოგის მკვლელობის შემდეგ საუდის არაბეთმა სტამბოლში კვალის დასაფარად ქიმიკოსი და ტოქსიკოლოგი გაგზავნა
ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობიდან რამდენიმე დღეში საუდის არაბეთმა სტამბოლში კვალის დასაფარად ქიმიკოსი და ტოქსიკოლოგი გაგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული გამოცემა Sabah-ი თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
სპეციალისტები 11-კაციანი ჯგუფის შემადგენლობაში იყვნენ, რომელიც თურქეთის ხელისუფლებას გამოძიებაში უნდა დახმარებოდა. თურქული მხარის მტკიცებით, ტოქსიკოლოგისა და ქიმიკოსის მიზანი იყო დანაშაულის კვალის განადგურება, ვიდრე საუდის არაბეთის საკონსულოს შენობასა და კონსულის რეზიდენციაში თურქ გამომძიებლებს შეუშვებდნენ.
თურქული მედიასაშუალების ცნობით, ე.წ. დამლაგებლები საკონსულოს შენობაში 12-დან 17 ოქტომბრამდე ყოველდღიურად დადიოდნენ, შემდეგ კი თურქეთი დატოვეს.
გასულ კვირას თურქეთის პროკურატურამ ოფიციალურად განაცხადა, რომ ხაშოგის ცხედარი დაანაწევრეს. გამოცემა The Washington Post-ის ინფორმაციით კი, ცხედარი მჟავის საშუალებით გაანადგურეს.
შეგახსენებთ, ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი 2 ოქტომბერს სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოში შესვლის შემდეგ გაუჩინარდა.