თურქეთში, ვანის ტბის ფსკერზე, 3000 წლის იდუმალი ციხესიმაგრე აღმოაჩინეს
თურქეთში, ვანის ტბის ფსკერზე, 3000 წლის იდუმალი ციხესიმაგრე აღმოაჩინეს

წყალქვეშ ჩაძირული ქალაქები ძირითადად ლეგენდებში გვხვდება, მაგრამ ახლახან, არქეოლოგებმა მსგავსი რამ ნამდვილად იპოვეს თურქეთში, ვანის ტბის სიღრმეში.

თითქმის ათწლიანი ძებნის შემდეგ, ახლო აღმოსავლეთის მეორე უდიდეს ტბაში, ასობით მეტრის სიღრმეში აღოჩენილია დაკარგული სამეფოს ნაშთები.

ვან-იუზინჯუ-ილის უნივერსიტეტის არქეოლოგები გასაოცარი აღმოჩენის შესახებ იუწყებიან — ვრცელი, 3000 წლის ციხესიმაგრე, რომელიც ტბის სიღრმეში საოცრად კარგადაა შემონახული. მკვლევრები დამოუკიდებელ ჯგუფთან ერთად მუშაობდნენ.

დაკარგული წყალქვეშა ქალაქები და ციხესიმაგრეები ძალიან პოპულარული ფოლკლორული მოტივია მთელ მსოფლიოში. მრავალი ლეგენდა კი გვამცნობს წყალქვეშ დამალული მოსნტრების შესახებ.

პროექტის მყვინთავთა ჯგუფის ხელმძღვანელი ტაშინ ჯეილანი თავდაპირველად სწორედ ვანის ტბის მონსტრის საძებნელად გაემართა, მაგრამ სანაცვლოდ, დაკარგული ქალაქი აღმოაჩინა.

„არსებობდა ჭორი, რომ წყალქვეშ შეიძლება რაღაც ყოფილიყო, მაგრამ არქეოლოგთა და მუზეუმის წარმომადგენელთა უმრავლესობა გვეუბნებოდა, რომ ძებნას აზრი არ ჰქონდა, მაინც ვერაფერს ვიპოვიდით“, — უთხრა მან გამოცემა Daily Sabah-ს.

ციხესიმაგრე დაახლოებით კილომეტრის მანძილზეა გადაჭიმული, კედლები 3-4 მეტრი სიმაღლისაა და ტბის ტუტოვანი წყლის მეშვეობით, კარგ პირობებშია შემონახული.

მკვლევართა მოსაზრებით, ძეგლი რკინის ხანისაა და მიეკუთვნება ურარტუს დაკარგულ ცივილიზაციას, რომელსაც ვანის სამეფოსაც უწოდებდნენ. ეს ცივილიზაცია ამ რეგიონში ძვ. წ. IX-VI საუკუნეებში ყვაოდა.

ათასწლეულთა განმავლობაში, ტბის წყლის დონე მკვეთრად მერყეობდა; მკვლევრებს სჯერათ, რომ ურარტუს საზოგადოების დროს, ვანის ტბის დონე დღევანდელზე გაცილებით დაბალი იყო, შემდეგ კი თანდათან აიწია და ქალაქის გარკვეული ნაწილები დაფარა.

უძველესი დასახლების სხვა ნაწილები გაცილებით მაღლაა განლაგებული, თანამედროვე სანაპირო ზოლს ზემოთ; მათი არქეოლოგიური შესწავლა ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს.

„ვანის ტბის გარშემო მრავალი ცივილიზაცია და ხალხი სახლობდა. ამ ტბას ისინი „ზედა ზღვას“ ეძახდნენ და სჯეროდათ, რომ ის მრავალ საიდუმლოს მალავდა. სწორედ ამ რწმენით, აქტიურად ვმუშაობთ ტბის „საიდუმლოთა“ გამოსამჟღავნებლად“, — ამბობს ჯეილანი.

სამუშაოები ნელა მიმდინარეობს. შარშან, ტბის სიღრმეში ჯგუფმა ასევე აღმოაჩინა სტალაგმიტების 4 კილომეტრიანი კვადრატული მინდორი, რომელსაც „ზღაპრული წყალქვეშა საკვამურები“ უწოდეს; გარდა ამისა, აღმოაჩინეს დაახლოებით 1000 წლის წინანდელი, სელჩუკების ეპოქის საფლავის ქვები.

წლის დასაწყისში, ჯგუფმა იპოვა რუსული გემიც, რომელიც 1948 წელსაა ჩაძირული.

ჯგუფმა ვერ შესძლო განესაზღვრა თუ რა სიღრმეზეა ჩამარხული ციხსიმაგრის კედლები ტბის ფსკერის დანალექებში; სტრუქტურისა და ერთ დროს იქ მცხოვრები ხალხის დეტალურად შესასწავლად საჭიროა საველე სამუშაოები ტბის ფსკერზე.

„წყალქვეშა ციხესიმაგრის პოვნა ნამდვილი სასწაულია. მისი ისტორიის შესასწავლად აქ აუცილებლად მოვლენ არქეოლოგები“, — ამბობს ჯეილანი.

„დავაფიქსირეთ ციხესიმაგრის ზუსტი ადგილმდებარეობა, გადავუღეთ ფოტოებიც. გვჯერა, რომ არქეოლოგთა და ისტორიკოსთათვის სრულიად ახალი ეპოქა აღმოვაჩინეთ შესასწავლად“.

 

მომზადებულია Daily Sabah-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით