თურქეთში უძველესი ხალხის აქამდე უცნობ, დაკარგულ ენაზე შესრულებული თიხის ფირფიტები აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება
18:33, 15.11.2023
თურქეთში, ათობით ათას უძველეს თიხის ფირფიტაზე მიმოფანტული იდუმალი ტექსტები აღმოაჩინეს. ტექსტები ძვ. წ. მეორე ათასწლეულში, ხეთების იმპერიის პერიოდშია შესრულებული.
ჯერ არავინ იცის, რა წერია უცნაურ ლურსმულ ტექსტებში, მაგრამ როგორც ჩანს, ის შორეულ წარსულში, 3000 წლის წინ დაკარგულ ენას წარმოადგენს.
ექსპერტთა განცხადებით, ეს იდუმალი ენა ახლო აღმოსავლეთში ამ დრომდე აღმოჩენილ არც ერთ სხვა სამწერლობო ენას არ ჰგავს, თუმცა, როგორც ჩანს, სხვა ანატოლიურ-ინდოევროპულ ენებთან საერთო ფესვები აქვს.
უცნაური ნაკაწრები უძველეს ინდოევროპულ ენაზე, ხეთურად შესრულებული საკულტო სარიტუალო ტექსტების ბოლოს იწყება. ხეთური ტექსტი ერთგვარი შესავალია და შემდეგნაირად ითარგმნება: „ახლა კი, წაიკითხეთ კალასმას ქვეყნის ენაზე“.
კალასმა ბრინჯაოს ხანის ორგანიზებული საზოგადოება იყო, რომელიც ანატოლიაში, ხეთების იმპერიის ჩრდილო-დასავლეთ კიდეში ყვაოდა, იმპერიის დედაქალაქ ხათუსადან შორს. თიხის ფირფიტები სწორედ ხათუსას ნაქალაქარში აღმოაჩინეს.
ხათუსას ნანგრევების არქეოლოგიური გათხრების პროექტის ხელმძღვანელის, ანდრეას შახნერის განცხადებით, როგორც კი მან პირველად დაიჭირა ხელში ფირფიტა, უმალ იგრძნო მათი მნიშვნელობა.
კონკრეტულად, მან შენიშნა, თიხის ფირფიტები განსაკუთრებით უფრო კარგად იყო შემონახული, ვიდრე თურქეთის ქალაქ ბოღაზქოიში აღმოჩენილი 25 000 სხვა ფირფიტა.
უკვე საუკუნეზე მეტია, ისტორიკოსები, არქეოლოგები და ენათმეცნიერები ერთობლივად მუშაობენ ხეთების საოცარი სამეფო ზავების, პოლიტიკური კორესპონდენციების, საკანონმდებლო და რელიგიური ტექსტების აღმოჩენა-თარგმნაზე.
მიუხედავად იმისა, რომ ფირფიტების უმეტესობა ხეთების ლურსმული ასოებით იყო შესრულებული, იმავე ძეგლზე მომუშავე ექსპერტებმა სხვა ენებიც აღმოაჩინეს. როგორც ჩანს, ეს წარწერები ხეთების იმპერიის ჩრდილში ოდესღაც მცხოვრებ სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებს ეკუთვნის. ხეთების იმპერია ანატოლიის უდიდეს ნაწილზე იყო გადაჭიმული, ძვ. წ. 1650 – 1200 წლებში.
კიდევ ერთი ენის აღმოჩენა ნამდვილად ამაღელვებელია, მაგრამ არც ისე მოულოდნელი.
„ხეთები ძლიერ დაინტერესებული იყვნენ რიტუალების უცხო ენებზე ჩაწერით“, — ამბობენ მკვლევრები.
ამის მიზეზი კი მართლაც ჰქონდათ. ხეთების იმპერიაში ათასობით ღმერთსა და ქალღმერთს სცემდნენ თაყვანს. ხეთები შავ და ხმელთაშუა ზღვას შორის მდებარე მცირე აზიის ნახევარკუნძულის სულ უფრო და უფრო მეტ მიწას იპყრობდნენ და როგორც ისტორიკოსები ეჭვობენ, იმპერიაში ახალი რელიგიების მიღება ახალ სუბიექტთა შეყვანის ერთ-ერთი გზა იყო.
შახნერის თქმით, იმპერიის მეთაურები ალბათ იმედოვნებდნენ, რომ სხვების რელიგიისადმი პატივისცემის გამოხატვით, გაფართოებისას სხვა ხალხების პატივისცემას მოიპოვებდნენ.
ძველი ანატოლიის ისტორიის მკვლევრის, ტულინ ჯენგიზის განცხადებით, ხეთების სამეფო არქივში მოხსენიებულია ისეთი შორეული რეგიონების ღვთაებებისადმი თაყვანისცემაც, როგორებიც იყო სირია და მესოპოტამია.
„სხვების პანთეონის ღმერთების პატივისცემა ხეთების შემწყნარებლურ კულტურაზე მიუთითებს“, — ამბობს ჯენგიზი.
როგორც ჩანს, ხეთების უძველეს სამეფოში ღვთაებების თაყვანისცემის ერთადერთი მიზანი ჯანმრთელობის, სარჩო-სანოვაგისა და ბედნიერების თხოვნა იყო.
მკვლევართა ვარაუდით, იმპერიის სამეფო არქივები ამ „სამეფო კულტის“ განმტკიცების გზა იყო, რომელიც ღმერთებისა და ქალღმერთების მიერ მოთხოვნილი და მიღებული ყურადღების დეტალურ სურათს გვთავაზობს.
იმპერიის გაფართოების ერთ-ერთი გზა სავარაუდოდ ასევე იყო იდეების „სესხება“, მაგალითად, ლურსმული დამწერლობის სისტემების, ტრადიციებისა და რელიგიის.
მაგალითად, კალასმელები ხეთების იმპერიის მხარდამხარ იბრძოდნენ ეგვიპტელების წინააღმდეგ ძვ. წ. 1274 წელს გამართულ ბრძოლაში.
კალასმურ დამწერლობაზე შესრულებული ახლად აღმოჩენილი ფირფიტების ფოტოები ჯერ ხელმისაწვდომი არ არის, რადგან ექსპერტები მის გაშიფვრაზე ჯერ კიდევ მუშაობენ. მკვლევრებს იმედი აქვთ, რომ შედეგებსა და ფოტოებს მომავალი წლისთვის გამოაქვეყნებენ.
მართლაც საინტერესოა, რა აქვთ ამ ფირფიტებს ჩვენთვის სათქმელი.