თურქეთში, უძველეს ძეგლ გიობექლი-თეფეზე არსებული ორნამენტები შეიძლება მსოფლიოში უძველესი კალენდარი იყოს — #1tvმეცნიერება
თურქეთში მდებარე უძველესი მონუმენტი გიობექლი-თეფე მართლაც ერთ-ერთი ყველაზე დიდებული საოცრებაა მთელ პლანეტაზე.
ტაძრის კომპლექსი, რომელიც კულტურული ეპიცენტრი იყო დაახლოებით 10 000 წლის წინ და ამ სახის უძველესი მონუმენტია მთელ მსოფლიოში. ინახავს ძალიან, ძალიან ძველი ხალხის მრავალ საიდუმლოს.
ირკვევა, რომ კომპლექსის კედელზე ამოკვეთილი ორნამენტები შეიძლება კალენდრის უძველესი მტკიცებულება იყოს, რომელსაც დროის მსვლელობისა და სეზონების მონაცვლეობის მეთვალყურეობისთვის იყენებდნენ.
უცნობია, ზუსტად რა დანიშნულებით იყენებდა თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ნეოლითური ხალხი გიობექლი-თეფეს, მაგრამ ბოლოდროინდელი აღმოჩენები მიუთითებს, რომ სულ მცირე გარკვეულ პერიოდში, ის ობსერვატორიის როლს ასრულებდა, საიდანაც თვალს ადევნებდნენ ცვლილებებს ღამის ცაზე. განსაკუთრებით აღსანიშნავია მოჩუქურთმებული სვეტი, რომელსაც სვავის ქვას უწოდებენ და რომელზეც სტილიზებული ნიმუშების ფონზე ამოკვეთილია ფრინველის ფიგურა.
ქიმიური ინჟინრის, მარტინ სვიტმენის მიერ ჩატარებულმა წინა კვლევამ აჩვენა, როგორ შეიძლება ასახავდეს სვავის ქვაზე გამოსახული ფიგურები თანავარსკვლავედებს; ასევე, როგორ შეიძლება, რომ ქვის სხვა ორნამენტები აღწერდეს 13 000 წლის წინ კომეტის დაცემას, იქამდე, ვიდრე მონუმენტი აშენდებოდა.
კომეტის დაცემა ემთხვევა მოვლენას, რომელმაც მინი გამყინვარების ხანა, სახელად უმცროსი დრიასი გამოიწვია და რასაც გავლენა მთელ მსოფლიოზე ჰქონდა. ასევე, ის სავარაუდოდ იმ დროს მოხდა, როცა მოსახლეობა აქტიურად ერთვებოდა სოფლის მეურნეობაში; ამ მოვლენას ნეოლითურ რევოლუციას უწოდებენ.
სვითმენმა საკუთარი ანალიზები კიდევ უფრო წინ წაწია და აჩვენა, რომ გიობექლი-თეფეს სვეტებზე ამოკვეთილი V-ს ფორმის ნიშნები შეიძლება დღეებს განასახიერებდეს, სხვა სვეტებზე არსებული ორნამენტები კი კოსმოსურ მოვლენებს.
ყოვლისმომცველ ანალიზებში, რომელსაც სვიტმენმა 50-ზე მეტი გვერდი მიუძღვნა, ის თავის მოსაზრებებს ასაბუთებს. მან დაითვალა და შეისწავლა V-ს ფორმის ნიშნები და დაადგინა, რომ თუ თითოეული ნიშანი ერთ დღეს წარმოადგენს, მაშინ ერთ-ერთი სვეტი ერთ წელიწადს ასახავს, 365 დღით, რომელიც შედგება მთვარის 12 თვისა და 11 დამატებითი დღისგან მზის სრული წლის წარმოსაქმნელად.
სვავის ქვაზე გამოსახული მტაცებელ ფრინველს კისრის გარშემო V სიმბოლო აქვს. სვიტმენის ანალიზების მიხედვით, მტაცებელი ფრინველი წარმოადგენს ზაფხულის მზებუდობასთან დაკავშირებულ თანავარსკვლავედს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ფრინველზე გამოსახული V სიმბოლო თავას მზებუდობას წარმოადგენს.
V სიმბოლოები სხვა სვეტებზე გამოსახულ სხვა ფრინველებსაც აქვთ კისერზე, ისევე როგორც სხვა ადგილებში არსებულ სკულპტურებსა და ფიგურებს. სვიტმენის განცხადებით, ამ ფიგურებსაც შეიძლება რაღაც კავშირი ჰქონდეს დროის მსვლელობასთან, კონტროლთან და გამიჯვნასთან.
სვიტმენის მიერ ჩატარებული წინა ანალიზებით ასევე გამოიკვეთა კავშირი სვეტებზე გამოსახულ ცხოველებსა და დედამიწის პრეცესიას შორის; ესაა დედამიწის ბრუნვის ღერძის ორიენტაციის ცვლილება. როგორც ჩანს, ორ სვეტზე ასევე გამოსახულია ყოველწლიური ტაურიდების მეტეორული წვიმა; მიჩნეულია, რომ ცის სწორედ ამ მონაკვეთიდან დაეცა დედამიწას უმცროსი დრიასის გამომწვევი კომეტა.
სვიტმენის წინა შედეგები საკამათო გახდა გიობექლი-თეფეს გათხრებში მონაწილე არქეოლოგებს შორის; შესაბამისად, სავარაუდოა, რომ ახალი შედეგებიც ასეთივე ბედს გაიზიარებს. თუმცა, ყველაფერი ძალიან კარგად ჯდება ერთმანეთში და სულ უფრო მეტი მტკიცებულება მიუთითებს, რომ ჩვენს წინაპრებს ძალიან კარგად შეეძლოთ დაკვირვება, ანალიზი და მათ გარშემო მიმდინარე ცვლილებათა ჩაწერა.
ეჭვგარეშეა, ამ შედეგებს ახალი განხილვები მოჰყვება, რითაც მხოლოდ მეცნიერება მოიგებს.
„როგორც ჩანს, გიობექლი-თეფეს მცხოვრებნი ცის გულმოდგინე დამკვირვებლები იყვნენ, რაც სრულიად ლოგიკურია თუ გავითვალისწინებთ, რომ მათი მსოფლიო კომეტის დაცემამ მნიშვნელოვნად დააზარალა“, — ამბობს სვიტმენი.
მისი განცხადებით, ამ მოვლენამ შეიძლება ცივილიზაციას ახალი რელიგიისკენ უბიძგა და სოფლის მეურნეობის განვითარების მოტივაცია მისცა, რათა ცივ კლიმატში თავი გაეტანათ. შესაძლოა, მათი მცდელობა, ჩაეწერათ ის, რასაც ხედავდნენ, ათასწლეულების შემდეგ გამოჩენილი დამწერლობისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯებია.
კვლევა Time and Mind-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ed.ac.uk-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.