თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ამერიკის შეერთებულ შტატებში დაგეგმილი ვიზიტი გადაიდო, – ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მევლუთ ჩავუშოღლუ ვაშინგტონში 19 მარტს უნდა ჩასულიყო, სადაც უკვე ყოფილ სახელმწიფო მდივანს რექს ტილერსონს უნდა შეხვედროდა.
უწყებაში არ აკონკრეტებენ, როდისთვის გადაიდო მინისტრის ამერიკაში ვიზიტი, თუმცა ამბობენ, რომ ამერიკულ მხარესთან აქტიურ კონტაქტზე არიან.
ორი დღის წინ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რექს ტილერსონი სახელმწიფო მდივნის თანამდებობიდან გაათავისუფლა და დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს ხელმძღვანელი მაიკ პომპეო დაასახელა, თავად პომპეოს კი მისი მოადგილე ჯინა ჰასპელი შეცვლის.
პრეზიდენტის მიერ წარდგენილი ორივე კანდიდატი ახლა სენატმა უნდა დაამტკიცოს.