მევლუთ ჩავუშოღლუ დასავლეთის ქვეყნებს, მათ შორის აშშ-სა და გერმანიას, თურქეთის იმიჯის შელახვაში ადანაშაულებს
მევლუთ ჩავუშოღლუ დასავლეთის ქვეყნებს, მათ შორის აშშ-სა და გერმანიას, თურქეთის იმიჯის შელახვაში ადანაშაულებს

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დასავლეთის ქვეყნებს, მათ შორის აშშ-სა და გერმანიას თურქეთის იმიჯის შელახვაში ადანაშაულებს. ამის შესახებ განცხადება მევლუთ ჩავუშოღლუმ არგენტინაში ვიზიტის დროს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ამგვარად გამოეხმაურა გერმანიის, საფრანგეთის, ნიდერლანდების, ბელგიისა და შვეიცარიის მიერ თურქეთში განლაგებული დიპლომატიური მისიების დროებით დახურვის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას.

მანამდე საფრანგეთმა, გერმანიამ, იტალიამ და აშშ-მა გააფრთხილეს საკუთარი მოქალაქეები, რომ თურქეთში დიპლომატიურ მისიებზე თავდასხმების რისკი გაზრდილია. აღნიშნული გაფრთხილება მას შემდეგ გავრცელდა, რაც თურქეთში უკმაყოფილება გამოიწვია და საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა ევროპაში გამართულ აქციებს, რა დროსაც ყურანი დაწვეს.

ჩავუშოღლუს თქმით, დიპლომატიური მისიების დახურვა მიზანმიმართულ ხასიათს ატარებს.

„დიპლომატიური უწყებები ისე დახურეს, რომ თურქეთს საფრთხის დეტალების შესახებ ინფორმაცია არ მიაწოდეს. თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ უცხოელ კოლეგებს მათთვის უსაფრთხოების წინაშე არსებული რისკების შესახებ მონაცემები არ გაუზიარებიათ. ეს კი ნიშნავს, რომ დიპლომატიური მისიების დახურვის საკითხზე სახეზეა გარკვეული მიზნების მქონე ნაბიჯები. ვინმე თუ ცდილობს, შექმნას შეხედულება, რომ თურქეთი უსაფრთხო ქვეყანა არ არის და ტერაქტების საფრთხე არსებობს, მაშინ ეს ეწინააღმდეგება ჩვენს ქვეყანასთან მეგობრობას“, – განაცხადა ჩავუშოღლუმ.

ჩავუშოღლუმ დასავლეთის ქვეყნების მიერ დიპლომატიური მისიების დახურვის გადაწყვეტილება მაისში დაგეგმილ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებს დაუკავშირა. მისი თქმით, ელექტორატზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობა წარუმატებელი იქნება.

დიპლომატიური მისიების დახურვის გამო ცხრა ქვეყნის ელჩი ახსნა-განმარტებებისთვის თურქეთის საგარეო უწყებაში დაიბარეს. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა კი განაცხადა, რომ ამ ელჩებმა თურქეთის წინააღმდეგ „ფსიქოლოგიურ ომი წამოიწყეს“.

იანვარში ულტრამემარჯვენე აქტივისტებმა ჩაატარეს აქციები შვედეთში, დანიასა და ნიდერლანდებში, რა დროსაც ყურანი დაწვეს. ამის გამო თურქეთმა შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები შეაჩერა.