თურქეთის სასამართლომ Amnesty International-ის რეგიონალური ფილიალის ხელმძღვანელი პატიმრობაში დატოვა
თურქეთის სასამართლომ საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის, Amnesty International-ის რეგიონალური ფილიალის ხელმძღვანელი ტანერ კილიჩი პატიმრობაში დატოვა. უფლებადამცველის საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა ნოემბრის დასაწყისში გაიმართება.
ტანერ კილიჩი გასული წლის ივლისში იზმირში დააკავეს. მის გარდა, სამართალდამცველებმა კიდევ ექვსი უფლებადამცველი დააკავეს, მათ შორის, თურქეთში Amnesty International-ის ოფისის დირექტორი, იდილ ესერი.
მათ აშშ-ში მცხოვრები მუსლიმი მქადაგებლის ფეთჰულა გიულენის ორგანიზაცია „ფეტოსთან“ კავშირი ედება ბრალი.
თურქეთის ხელისუფლება „ფეტოს“ ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს და 2016 წლის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში ადანაშაულებს.
დაკავებული უფლებადამცველები მათ წინააღმდეგ წაყენებულ ბრალს არ აღიარებენ.