თურქეთის სასამართლომ შპიონაჟში ბრალდებული საბერძნეთის ორი მოქალაქე გაათავისუფლა
თურქეთის სასამართლომ შპიონაჟში ბრალდებული საბერძნეთის ორი მოქალაქე გაათავისუფლა

თურქეთის სასამართლომ შპიონაჟში ბრალდებული საბერძნეთის ორი მოქალაქე გაათავისუფლა. ამის შესახებ თურქული საინფორმაციო სააგენტო Anadolu-იუწყება.

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, ალექსის ციპრასმა ხუთთვიანი პატიმრობის შემდეგ გათავისუფლებული ჯარისკაცების სამშობლოში დასაბრუნებლად თვითმფრინავი უკვე გააგზავნა. მისი თქმით, სამხედრო მოსამსახურეები საბერძნეთში 15 აგვისტოს ჩავლენ.

2018 წლის პირველ მარტს ბერძენი სამხედრო მოსამსახურეები, ანგელოს მიტრეტოდისი და დიმიტრის კუკლატზისი პატრულირების დროს, უამინდობის გამო, შეცდომით თურქეთის ტერიტორიაზე გადავიდნენ, რა დროსაც ისინი თურქმა სამართალდამცველებმა დააკავეს.

ოფიციალური ათენი მიიჩნევდა, რომ სამხედრო მოსამსახურეებს ანკარა სამშობლოში დაბრუნების ნებას ერთი დღის განმავლობაში მისცემდა, თუმცა ჯარისკაცები ქვეყნის ტერიტორიის უკანონო გადაკვეთაში დაადანაშაულეს.

ბერძენი ჯარისკაცების დაპატიმრებამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა გაამწვავა. ოფიციალური ათენი სამხედრო მოსამსახურეების გათავისუფლებას ყველა ხერხით ცდილობდა, თუმცა თურქეთი მათი სამშობლოში დაბრუნების სანაცვლოდ იმ თურქი ჯარისკაცების გადაცემას ითხოვდა, რომლებმაც 2016 წელს, თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, საბერძნეთისგან პოლიტიკური თავშესაფარი მიიღეს.