თურქეთის საგარეო უწყებამ ღაზაში, სკოლაზე ისრაელის თავდასხმას კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული უწოდა
თურქეთის საგარეო უწყებამ ღაზაში, სკოლაზე ისრაელის თავდასხმას კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული უწოდა

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ისრაელის მიერ ღაზის ერთ-ერთ სკოლაზე განხორციელებულ თავდასხმას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ეს არის ახალი დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ.

„ისრაელმა კაცობრიობის წინააღმდეგ ახალი დანაშაული ჩაიდინა ასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის ხოცვა-ჟლეტით, რომლებიც თავს აფარებდნენ სკოლას“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

აღინიშნება, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების ჩაშლა სურს.

შეგახსენებთ, რომ ღაზის სექტორის მედიის ინფორმაციით, ისრაელის მიერ ღაზაში მდებარე ერთ-ერთ სკოლაზე მიტანილი იერიშის შედეგად 100-მდე ადამიანი დაიღუპა, თუმცა ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ეს ციფრი გაზვიადებულია.

მათივე ცნობით, სკოლაში „ჰამასის“ სამეთაურო პუნქტი იყო განლაგებული და ოპერაციას, სულ მცირე, 20 ტერორისტი და დაჯგუფების მაღალჩინოსანი ემსხვერპლა.