თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში 10 ქვეყნის, მათ შორის აშშ-ის, გერმანიისა და საფრანგეთის ელჩები დაიბარეს
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში 10 ქვეყნის, მათ შორის აშშ-ის, გერმანიისა და საფრანგეთის ელჩები დაიბარეს

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში 10 ქვეყნის ელჩები დაიბარეს, მათ შორის აშშ-ის, გერმანიისა და საფრანგეთის. დაბარების მიზეზი ამ ქვეყნების საელჩოების მიერ გავრცელებულ ერთობლივი განცხადებაა, რომელშიც ისინი ბიზნესმენისა და ფილანტროპის, ოსმანა კავალას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

გავრცელებული განცხადება შეიცავს მოწოდებას ავალას საქმის სამართლიანი და სწრაფი გადაწყვეტისკენ. საელჩოების განცხადებით, ოთხი წლის წინ დაკავებული კავალას საქმე ჩრდილს აყენებს დემოკრატიის პატივისცემას.

„მისი სასამართლო პროცესის მუდმივი შეფერხება, მათ შორის სხვადასხვა საქმის გაერთიანებით და ახალი საქმეების შექმნით წინა გამამართლებელი განაჩენის შემდეგ, ჩრდილს აყენებს დემოკრატიის პატივისცემას, კანონის უზენაესობას და თურქეთის სასამართლო სისტემის გამჭვირვალობას“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელიც აშშ-ის, კანადის, საფრანგეთის, ფინეთის, დანიის, გერმანიის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, შვედეთისა და ახალი ზელანდიის საელჩოებმა გაავრცელეს.

ბიზნესმენი ოსმან კავალა თურქეთში ოთხი წლის წინ დააკავეს და მას თავდაპირველად ბრალად ედებოდა 2013 წლის გეზის პარკის გამო გამართულ პროტესტებთან და შემდგომ არეულობებთან კავშირი. გასულ წელს მას 2013 წლის მოვლენებთან დაკავშირებული ბრალდებები მოუხსნეს, თუმცა წელს ეს გადაწყვეტილება გაუქმდა და დაკავებულის წინააღმდეგ დაემატა ახალი საქმე, რომელიც 2016 წლის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას უკავშირდება.

თურქეთის ხელისუფლებას კავალას გათავისუფლებისკენ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მოუწოდა.

საელჩოების განცხადების პასუხად შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულეიმან სოილუმ განაცხადა, რომ თურქეთი დემოკრატიული სახელმწიფოა.

„ელჩების მიერ რეკომენდაციებისა და შეთავაზებების გაკეთება მიმდინარე სასამართლო საქმეებზე მიუღებელია. თქვენი რეკომენდაცია და შეთავაზება ჩრდილს აყენებს თქვენ მიერ კანონისა და დემოკრატიის გაგებაზე“, – დაწერა „ტვიტერში“ თურქეთის შს მინისტრმა.

ერთობლივ განცხადებას თურქეთის მმართველი „სამართლიანობისა და განვითარების პარტიაც“ გამოეხმაურა. პარტიის პრესსპიკერის, ომერ ჩელიკის განცხადებით, ყველა დიპლომატიური უწყება ვალდებულია, პატივი სცეს ქვეყნის სუვერენიტეტსა და თურქეთის სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას, ასევე თავი შეიკავოს შიდა საქმეებში ჩარევისგან.