თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ, თურქეთის დახმარებით, გაერო-მ მოამზადა შეთავაზებების ახალი პაკეტი, რომელმაც, შესაძლოა, მარცვლეულის ინიციატივა აღადგინოს
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი აცხადებს, რომ, თურქეთის დახმარებით, გაერო-მ მოამზადა შეთავაზებების ახალი პაკეტი, რომელმაც, შესაძლოა, შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა აღადგინოს. ამის შესახებ ფიდანმა მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„რუსეთი ითხოვს მარცვლეულისა და სასუქის შეუფერხებელ ექსპორტს. ჩვენ ვადასტურებთ ამ მოთხოვნების შესრულების მნიშვნელობას. ჩვენი ქვეყნის ძალისხმევის დახმარებით, გაერო-მ მოამზადა შეთავაზებების ახალი პაკეტი. მიგვაჩნია, რომ ეს არის შესაფერისი საფუძველი ინიციატივის გაცოცხლებისთვის“, – განაცხადა ფიდანმა.
თავის მხრივ, სერგეი ლავრომა აღნიშნა, რომ რუსეთი დაუყოვნებლივ დაუბრუნდება მარცვლეულის შეთანხმებას, როგორც კი რუსეთსა და გაერო-ს შორის გაფორმებული მემორანდუმის ყველა პუნქტი შესრულდება. ლავროვის თქმით, გაერო-ს გენერალური მდივნის შეთავაზებებში იყო ამის დაპირებები, მაგრამ არა – გარანტიები.
„როგორც კი შესრულდება ის დაპირებები, რომლებსაც შეიცავს გაერო-რუსეთის მემორანდუმი, ჩვენ დავუბრუნდებით ყველა იმ პირობის შესრულებას, რომლებიც გაწერილია ამ პაკეტის უკრაინულ ნაწილში“, – აღნიშნა რუსმა დიპლომატმა.
ლავროვის განმარტებით, დასავლეთი ხელს უშლის იმ პრობლემების მოგვარებას, რომლებიც აფერხებს რუსული მარცვლეულისა და სასუქის ექსპორტს.
შეგახსენებთ, რომ რუსეთი შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებიდან 18 ივლისს გავიდა.