თურქეთის რთული არჩევანი
თურქეთის რთული არჩევანი

თურქეთის მმართველმა პარტიამ ანკარასა და იზმირში მერის არჩევნები წააგო. როგორც თურქეთის უმაღლეს საარჩევნო საბჭოში განაცხადეს, „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ მოთხოვნით, რამდენიმე უბანში ხმები თავიდან დაითვალეს, თუმცა შედეგი არ შეცვლილა. ასე რომ, ანკარასაც და იზმირსაც ოპოზიციონერი მერი ეყოლება.

ხმების გადათვლის პროცესი ჯერ არ დასრულებულა თურქეთის კიდევ ერთ მეგაპოლის სტამბოლში. ამ ქალაქში ოპოზიციური „სახალხო რესპუბლიკური პარტიის“ კანდიდატმა ეკმარ იმამოღლუმ, თურქეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდირიმი დაამარცხა. განსხვავება სულ 14 000 ხმაა.

თუმცა თურქეთის პრეზიდენტი სტამბოლის დათმობას არ აპირებს.

პოლიტოლოგი მეჰმეთ ემინ იკბალ დურე საქართველოს პირველ არხთან საუბარში ამბობს, რომ ერდოღანის პარტიის შედეგებს არჩევნებზე მარცხს ვერ უწოდებს, თუმცა ერდოღანის პარტიისთვის ეს სერიოზული დარტყმა იყო. მისივე თქმით, ასეთი შედეგი ძირითადად ეკონომიკურმა ფაქტორებმა განაპირობა.

„მთავარი მიზეზი ეკონომიკური კრიზისია. ასევე, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საგარეო პოლიტიკამ, თუმცა  ესეც ეკონომიკასთანაა დაკავშირებული. მმართველი პარტიის საგარეო პოლიტიკის გამო, თურქეთს სპარსეთის ყურეში სუნიტურ სახელმწიფოებთან ურთიერთობები გაუფუჭდა. ამ ქვეყნებმა თურქეთიდან კაპიტალი გაიტანეს. ამას აშშ-სთან დაძაბული ურთიერთობებიც ემატება. ამიტომ, თურქეთის ბაზრის მიმართ ინტერესი დასავლურმა კაპიტალმაც დაკარგა. თურქეთის ეკონომიკა კი მჭიდროდაა დამოკიდებული უცხოურ ინვესტიციებზე. შეიძლება ვისაუბროთ შიდა პრობლემებზეც. კერძოდ, თურქეთში ცხოვრობს დაახლოებით 13 მილიონი ადამიანი, რომელიც სახელმწიფო სუბსიდიებზეა დამოკიდებული. უმუშევარი ადამიანები, დიასახლისები, რომლებიც უვლიან ნათესავებს – ეს მოსახლეობის ეკონომიკურად პასიური ნაწილია. მმართველი „სამართლიანობისა და განვითარების“ პარტიის ელექტორატს სწორედ ეს ადამიანები წარმოადგენენ. მოსახლეობის მეორე ნაწილი აქტიურია. ისინი დიდ ქალაქებში ცხოვრობენ, მათ შორის – ბიზნესმენებიც. ამ ეკონომიკურად აქტიურ ადამიანებს პასიური ადამიანების ტვირთის ზიდვა აღარ სურთ“, – ამბობს იკაბალ დურე.

პოლიტოლოგი სიტუაციის გამოსწორების ერთადერთ გზად დასავლეთთან ეკონომიკური ურთიერთობების გაუმჯობესებას ასახელებს.

„მიმართავს თუ არა თურქეთი საერთაშორისო სავალუტო ფონდს დასახმარებლად? ამ დრომდე ერდოღანი თავს იკავებდა, მაგრამ როგორ გამოასწორებს სხვაგვარად სიტუაციას, რთული სათქმელია. თურქეთის ვალი დაახლოებით 450 მილიარდია და 200 მილიარდი ცოტა ხანში არის გადასახდელი. ეკონომიკა სწრაფი ტემპით არ იზრდება და ფული საკმარისი არ არის. ამ დრომდე ერდოღანმა ყველა საშუალება გამოიყენა, რაც კი ჰქონდა, მათ შორის – ჩინეთისა და რუსეთის მიმართულებით. მაგრამ რუსეთთან ჩვენი სავაჭრო ბრუნვა დაახლოებით 20 მილიარდი დოლარია. ჩინეთთანაც ანალოგიური მონაცემებია. ახლა შევადაროთ ეს მონაცემები ევროპას. ევროპასთან ბრუნვა არის 190 მილიონი დოლარი. ასე რომ, რუსეთი და ჩინეთი რომ გააერთიანო, ევროპას ვერ გადაწონის“, – ამბობს იკბალ დურე.

განსხვავებული პოზიცია აქვს პოლიტოლოგ მეჰმეთ პერინჩეკს. როგორც ის ამბობს, კრიზისი თურქეთში უცხოურ ინვესტიციებზე დამოკიდებულებამ გამოიწვია.

„თუ გადავხედავთ რუკას, თვალშისაცემია, რომ ერდოღანის პარტიამ იმ ქალაქებში წააგო, რომლებიც წარმოების ცენტრებს წარმოადგენენ. ეს არის თურქეთის ეკონომიკის გული. დაზარალდნენ არა მხოლოდ ღარიბი და საშუალო კლასის წარმომადგენლები, არამედ დიდი კომპანიებიც, რომლებიც ადრე ერდოღანს მხარს უჭერდნენ“, – გვეუბნება მეჰმეთ პერინჩეკი.

თურქი პოლიტოლოგის თქმით, შექმნილ მდგომარეობაში თურქეთი ლიბერალური ეკონომიკისგან უნდა გათავისუფლდეს და მხარი ეროვნულ წარმოებას დაუჭიროს.

„ასეთ შემთხვევაში, აშშ-ის მუქარა ანკარას ვერ შეაშინებს“, – ამბობს პერინჩეკი.

თურქეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობები 2016 წლის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ დაიძაბა. ამ მოვლენების შემდეგ, ერდოღანის ხელისუფლების მიერ გატარებულ „საკადრო წმენდას“ და ათასობით საჯარო მოხელის დაპატიმრებას ევროკავშირის სახელმწიფოებისგან კრიტიკა და ეკონომიკური პრობლემები მოჰყვა.

თურქეთის მიერ რუსეთისგან სარაკეტო კომპლექს ეს-400-ის შეძენის მიზნით გაფორმებულმა კონტრაქტმა კი ვაშინგტონისა და ანკარას ურთიერთობაზე იმოქმედა. ნატო-ს 70 წლის იუბილეზე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა თურქეთს არჩევნის გაკეთებისკენ მოუწოდა – ან რუსული შეიარაღება, ან ნატო-ს წევრობა.

ამ სიტუაციაში ყველაზე მეტად თურქეთის ეკონომიკა დაზარალდა. ეროვნული ვალუტა გაუფასურდა, რამაც მოქალაქეების უკმაყოფილება გამოიწვია და მათ ჯიბეს დაეტყო.

პოლიტოლოგი მეჰმეთ პერინჩეკი მიიჩნევს, რომ ვაშინგტონის ასეთი ტონის საპასუხოდ, თურქეთმა ეკონომიკური კავშირი ევრაზიის ქვეყნებთან უნდა განავითაროს.

„აშშ ეხმარება ქურთ სეპარატისტებს და თურქეთის წინააღმდეგ ეკონომიკური ომიც კი წამოიწყო. ამიტომ, თურქეთი ევრაზიისკენ უნდა შეტრიალდეს. თურქეთისთვის უმთავრესი ეროვნული ინტერესები უნდა იყოს და არა ის, რა მოსწონს ან რა არ მოსწონს აშშ-ს“, – ამბობს პერინჩეკი.

საგარეო ფაქტორების ამომრჩევლებზე ზემოქმედებას გამორიცხავს პოლიტოლოგი ტოგრულ ისმაილი. მისი აზრით, გადამწყვეტი მაინც ეკონომიკური რეფორმებია.

„ანტიამერიკული განწყობა „არაბული გაზაფხულის“, ასევე სირიაში განვითარებული მოვლენების შემდეგ, ხელისუფლებაც და ოპოზიციაც მხოლოდ თურქეთის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ. ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური სიტუაციაა. შეგახსენებთ, რომ „სამართლიანობის და განვითარების პარტია“ ხელისუფლებაში ეკონომიკური რეფორმებისა და დემოკრატიზაციის წყალობით მივიდა. თუ მმართველი პარტია ამ გზავნილებს დაშორდება, შესაძლოა ეს მათთვის ცუდად დასრულდეს“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან საუბრისას ტოგრულ ისმაილი.

თურქეთის ოპოზიციის რიგებში ექსპერტები და მედიაც რამდენიმე პერსონაზე ამახვილებენ ყურადღებას. ერთ-ერთი მათგანი სტამბოლის მერობის კანდიდატი ეკმარ იმამოღლუა, რომელსაც „ახალგაზრდა ერდოღანსაც“ კი უწოდებენ. თუმცა, მომდევნო არჩევნებამდე ოთხ წელიწადზე მეტია დარჩენილი და მომავლის პროგნოზირება ყველას უჭირს.

„წინა არჩევნების დროს ყველა საუბრობდა „სახალხო რესპუბლიკური პარტიის“ სხვა ლიდერზე – მუჰარემ ინჯეზე, მაგრამ ერთი თვის შემდეგ ინჯე დაივიწყეს. მიუხედავად ამისა, ერდოღანს ადრე თუ გვიან მოუწევს წასვლა და ახალი ლიდერებია საჭირო. შესაძლოა, ეს სტამბოლის ახალი მერი იყოს, ან ერდოღანის ყოფილი თანაპარტიელები, რომლებიც ახლა აპირებენ ახალი პარტიის ჩამოყალიბებას. მათ შორისაა აჰმეთ დავითოღლუ. ასევე, ძალიან პერსპექტიულია ალი ბაბაჯანი“, – აცხადებს პოლიტოლოგი იკბალ დურე.

ეკონომიკურ და საგარეო პოლიტიკურ პრობლემებთან ერთად, პოლიტოლოგები ასევე საუბრობენ თურქეთის საზოგადოებაში არსებულ დაძაბულობაზე, რომლის გაღვივებას, მათი აზრით, ერდოღანის პოლიტიკამ შეუწყო ხელი.

აღსანიშნავია, რომ მუნიციპალურ არჩევნებზე თურქეთის მმართველი პარტია წელს პირველად წარდგა „ნაციონალისტურ მოძრაობასთან“ კავშირში, რომელიც საერო სახელმწიფოს წინააღმდეგ ხშირად გამოდიოდა.

„ახლა დაძაბულობა უნდა მოიხსნას. მათ შორის ქურთებთან. ასევე კონსერვატორებსა და საერო სახელმწიფოს მომხრეთა შორის. ეს დაძაბულობა არსებობს, რომელიც ბოლო წლებში გაჩნდა. საუკეთესო ვარიანტია, თუ ერდოღანი დაუბრუნდება იმ გზავნილებს, რომლებიც მას კარიერის დასაწყისში ჰქონდა“, – აცხადებს ექსპერტი.