თურქეთის ელჩი - საქართველოს მთავრობამ საოცარი შედეგი აჩვენა, საუკეთესო მომსახურება უზრუნველყო, რაც კი არსებობდა მეზობელ ქვეყნებში, რეგიონში
საქართველოს მთავრობამ საოცარი შედეგი აჩვენა, საუკეთესო მომსახურება უზრუნველყო, რაც კი არსებობდა მეზობელ ქვეყნებში, რეგიონში, – ამის შესახებ საქართველოში თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ფატმა სერენ იაზგანმა კახეთში, პრემიერ-მინისტრსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შორის გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
როგორც თურქმა დიპლომატმა აღნიშნა, საქართველომ ბევრი რამის კოორდინაცია მოახდინა, მათ შორის, მოახერხა ყოველდღიური სასაქონლო ტრანსპორტირების უზრუნველყოფა.
„თქვენთან ერთად გავიღვიძეთ კრიზისში. ერთად გავიარეთ სირთულეები, ერთად შევხედეთ თვალებში ამ პრობლემას. მე რეგიონულ შესაძლებლობებზე ვაკეთებ გათვლას და აქცენტს, ქარავანია და ქარავანი ყოველთვის მიდის წინ. გარკვეულ დასკვნებს ვაკეთებთ. შეიძლება, არ ვიყოთ მზად რაღაც გამოწვევებისთვის, რომელიც უცბად დაგვატყდება თავს, მაგრამ პრემიერ-მინისტრო, თქვენ ძალიან სწორად ბრძანეთ – მომავალში უნდა ვიცხოვროთ ამ გამოწვევების პირობებში. ვიმეორებ იმას, რაც ადრე მითქვამს სატელევიზიო ეთერითაც და სხვაგანაც – საქართველოს მთავრობამ საოცარი შედეგი დადო, საუკეთესო მომსახურება უზრუნველყო, რაც კი არსებობდა მეზობელ ქვეყნებში, რეგიონში, რომლებიც ძალიან რთულ გამოწვევას ებრძოდნენ ერთად. საქართველომ თავისი პოტენციალის გამო ბევრი რამის კოორდინაცია მოახდინა და ყოველდღიური სასაქონლო ტრანსპორტირება კრიზისის დასაწყისიდანვე იყო უწყვეტი, შეუფერხებელი. სურსათის მიწოდება ჩვენ ყოველთვის საკმარისი გვქონდა, თურქეთში სურსათი საქართველოდან შემოდიოდა და ეს არ წყდებოდა“, – აღნიშნა თურქეთის ელჩმა.
ფატმა სერენ იაზგანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბიზნესთან დაკავშირებით წარმოქმნილი სირთულეების სწრაფი გადაჭრისთვის მადლობა გადაუხადა.
„ბიზნესის სახელით მინდა, ვთქვა, რომ თურქეთის ბიზნესმა ბევრი იმუშავა და მადლობა მინდა, გადაგიხადოთ საქართველოს მთავრობას. კრიზისის დროს ბიზნესის საკითხებიც წყდებოდა გარკვეული სირთულეები, რომელიც წარმოიქმნებოდა, დროულად წყდებოდა და ამაში თქვენი დამსახურება დიდია. მთავრობა ყოველთვის იყო ყურადღებიანი. ძალიან ვამაყობ და გაგვიმართლა, რომ ერთად ვმუშაობთ. პრობლემები როგორც კი გამოჩნდება და ამის ალბათობა ყოველთვის არსებობს, ძალიან კარგი მეგობრები ვართ და ამას ერთად ვწყვეტთ, რისთვისაც დიდ მადლობას გიხდით. ჩვენ მზად ვართ, რომ საქართველოში თურქი დამსვენებლები ჩამოვიდნენ, ჩვენც გავხსნით საზღვრებს და ქართველებსაც ველით თურქეთში დასასვენებლად ან სამუშაოდ, როგორც საქართველოს მთავრობა გადაწყვეტს და როცა გადაწყვეტს“, – განაცხადა თურქეთის ელჩმა.
ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.