თურქეთი მიუღებელს უწოდებს ისრაელის არმიის მოთხოვნას, რომ ღაზის მოსახლეობამ საცხოვრებელი უნდა დატოვოს და სამხრეთში გადაადგილდეს
თურქეთი მიუღებელს უწოდებს ისრაელის არმიის მოთხოვნას, რომ ღაზის მოსახლეობამ საცხოვრებელი უნდა დატოვოს და სამხრეთში გადაადგილდეს

თურქეთი მიუღებელს უწოდებს ისრაელის არმიის მოთხოვნას, რომ ღაზის მოსახლეობამ საცხოვრებელი უნდა დატოვოს და სამხრეთში გადაადგილდეს. აღნიშნულის შესახებ საუბარია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

„ღაზის 2.5-მილიონიანი მოსახლეობის იძულება, რომელიც განურჩეველი დაბომბვის ქვეშ იმყოფება და მოკლებულია ელექტროენერგიას, წყალსა და საკვებს, გადასახლდნენ უკიდურესად მცირე ტერიტორიაზე, არის საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა და არაადამიანურია. ჩვენ ველოდებით, რომ ისრაელი უარს იტყვის ამ სერიოზულ შეცდომაზე და დაუყოვნებლივ დაასრულებს სასტიკ და განურჩეველ ქმედებებს ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, გაერო-მ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ, ისრაელის თავდაცვის ძალების შეტყობინების თანახმად, 24 საათის განმავლობაში ღაზის ჩრდილოეთით მყოფი მთელი პალესტინელი მოსახლეობის ევაკუაცია სამხრეთ ღაზაში უნდა მოხდეს. ისრაელის თავდაცვის ძალების მხრიდან ღაზის მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის მოწოდების საპასუხოდ, „ჰამასმა“ მიმართა ღაზის მცხოვრებლებს, არ დაეტოვებინათ სახლები.