თურქეთი და რუსეთი სირიაში არსებული დაძაბულობის განმუხტვაზე შეთანხმდნენ
თურქეთი და რუსეთი სირიაში არსებული დაძაბულობის განმუხტვაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ მხარეებს შორის მოლაპარაკებების შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა.
საგარეო უწყების ცნობით, კონსულტაციების მორიგი რაუნდის დროს მხარეებმა იდლიბის პროვინციაში, დეესკალაციის ზონაში სტაბილურობის მიღწევისთვის კონკრეტული ნაბიჯების შესახებ ისაუბრეს, რის შემდეგაც თურქეთისა და რუსეთის წარმომადგენლები რეგიონში ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ფონზე დაძაბულობის განმუხტვაზე შეთანხმდნენ.
რუსეთსა და თურქეთს შორის კონსულტაციები ანკარაში, 27-28 თებერვალს გაიმართა. ამის პარალელურად დაძაბული ვითარების ფონზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და მის თურქ კოლეგა რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის სატელეფონო საუბარიც შედგა. პრეზიდენტებმა იდლიბის პროვინციაში არსებული ვითარება და დეესკალაციის გზები განიხილეს. ამასთან ერთად, ლიდერები შეთანხმდნენ, რომ აღნიშნული საკითხი პირისპირ განიხილონ.
სირიის პროვინცია იდლიბში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სირიის არმიის შეტევის შედეგად, 33 თურქი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.