ტურიზმის სექტორი მთავრობის ეკონომიკურ გუნდს ხვდება. შეხვედრას, სავარაუდოდ, ეპიდემიოლოგებიც დაესწრებიან.
რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებლის, შოთა ბურჯანაძის განცხადებით, ტურიზმის სექტორი, მათ შორის რესტორნები და სასტუმროები მზად არიან, ყველა რეკომენდაციის დაცვით განაახლონ მუშაობა.
„სამწუხარო ფაქტია, რომ დღეს ქვეყანაში ეპიდემიოლოგები მართავენ როგორც ეპიდემიოლოგიურ, ასევე ეკონომიკურ სიტუაციას და ისინი წყვეტენ, რა როდის უნდა გაიხსნას. ჩვენი, ბიზნესის შეთავაზება არის ძალიან მარტივი – რეგულაციების ფარგლებში შევძლოთ ბიზნესის მართვა, როგორც მაგალითად, 24 დეკემბერს დამტკიცდა. დღეში მოლებმა დაახლოებით 100 000-მდე ადამიანი მიიღეს და ეს არის ათი დღის განმავლობაში მილიონი ადამიანი. მილიონი ადამიანი ისე გატარდა, რომ არ დამძიმდა ეპიდსიტუაცია. ჩვენ გვინდა დავანახოთ ეპიდემიოლოგებს და ეკონომიკურ გუნდს, რომ ბიზნესი განყენებული მხარე არ არის, სხვადასხვა სფეროში დასაქმებული დაახლოებით 300 000 ადამიანი უმუშევრად არის დარჩენილი.
მაქვს ასეთი შთაბეჭდილება, მაგრამ არ მინდა დავიჯერო, რომ გარკვეულ პირებს სურთ სოციალური აფეთქება მოხდეს. რატომ გვინდა ყოველდღიურად სხვადასხვა სფეროს მხრიდან იმართებოდეს გამოსვლები, მიტინგები, რომელმაც შეიძლება, უფრო დაამძიმოს ეპიდსიტუაცია. ჩვენ ვითხოვთ, ნებისმიერი სფერო, რომელიც დღესდღეობით ლოკდაუნშია და არ აქვს ფუნქციონირების შესაძლებლობა, რეგულაციების ფარგლებში, ეპიდემიოლოგებთან შეთანხმებით, დავიწყოთ ეტაპობრივი გახსნა და შესაძლებლობა მივცეთ ადამიანებს, იმუშაონ“, -განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.
ამასთან, როსტორატორთა ასოციაციის დამფუძნებლის განცხადებით, გაუგებარია პირველი თებერვლიდან რატომ იხსნება ზღვის კურორტი და რატომ არ შეეხო რეგულაციის შერბილება სამთო-სათხილამურო კურორტებს.
„ცოტა კომიკურად ჟღერს, რომ პირველი თებერვლიდან არ უნდა გაიხსნას ზამთრის კურორტი და უნდა გაიხსნას ზღვის კურორტი. ეს არის ალოგიკური და შეუსაბამო. ჩვენ ვითხოვთ პირველი თებერვლიდან გახსნას მათ შორის რესტორნები. სარესტორნო ბიზნესი რეგულაციების დაცვით თუ სასწრაფოდ არ გაიხსნება, უბრალოდ ლიკვიდირებული იქნება ეს სექტორი, რესტორნები უბრალოდ ვეღარ იარსებებენ. ეს არ არის მხოლოდ გარკვეული პერიოდით დამუხრუჭება, ეს არის ლიკვიდაცია. ბიზნესი ამას ვერ გაუძლებს.
რაც შეეხება საჰაერო სივრცის გახსნას, ხუმრობით გეტყვით, რომ ალბათ ეპიდემიოლოგები მიიღებენ სტუმრებს იმიტომ, რომ რესტორანი არ იარსებებს ამ დროს, თუ არ შესრულდა ჩვენი მოთხოვნები“, – აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ.
„ინ ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორის, ერეკლე კოკაიას განცხადებით, მთავარი მოთხოვნა ზამთრის კურორტების გახსნაა.
„არსებული შეზღუდვები ჩვენთვის მიუღებელია და ეს ეტაპობრივი მოხსნა ჩვენთვის საერთოდ არ იყო არანაირი შემსუბუქება. ერთ-ერთი მოთხოვნა, რაც გვაქვს არის, რომ პირველი თებერვლიდან მოგვეცეს საშუალება, რომ ზამთრის კურორტებმა იმუშაოს. გარდა ამისა, უკვე დრო არის დავიწყოთ იმაზე ფიქრი, როგორ აღვადგინოთ ტურიზმი. ჩვენ გვაქვს ეს გეგმა შემუშავებული, აბსოლუტურად ყველა გამოწვევაზე გვაქვს პასუხი, შეგვიძლია მაქსიმალურად დავეხმაროთ ხელისუფლებას, რომ მიიღოს სწორი გადაწყვეტილება და იმედია, ჩვენი თანამშრომლობა გამოიღებს შედეგს.
რაც შეეხება იმას, რომ პრობლემები რაც შეიქმნა ზაფხულში, განსაკუთრებით აჭარაში, ეს იყო არა იმიტომ, რომ გაიხსნა ტურისტული სეზონი, არამედ იმიტომ, რომ თავად კომპანიები და დამსვენებლებიც უპასუხისმგებლოდ იქცეოდნენ“, – განაცხადა ერეკლე კოკაიამ.