წარმოიდგინეთ, რომ მართვის მოწმობა იმის გამო ჩამოგართვეს, რომ საჭესთან დაღლილი იჯექით. ავსტრალიის ქუინსლენდის უნივერსიტეტის მეცნიერთა მიერ ჩატარებული ახალი კვლევის მიხედვით, თუ ღამით ხუთ საათზე ნაკლები გეძინათ, დიდი ალბათობით, ავტოავარიის მოხდენის ისეთივე შანსი გაქვთ, რაც ორგანიზმში ალკოჰოლის კანონით დაშვებულზე მაღალი დონის შემთხვევაში.
ცნობილია, რომ ავტოავარიების დაახლოებით 20 პროცენტი დაღლილობის გამო ხდება. გასული 20 წლის განმავლობაში, ალკოჰოლით გამოწვეული ავარიების რაოდენობა მსოფლიოში მნიშვნელოვნად შემცირდა.
თუმცა, ამავე პერიოდში, გაცილებით მცირე იყო პროგრესი დაღლილობით გამოწვეულ ავარიათა შემცირებაში. მკვლევრებს სურდათ გაეგოთ, შესაძლებელია თუ არა ამ სიტუაციის შეცვლა.
ალკოჰოლური თრობით გამოწვეული ავარიების რაოდენობა რამდენიმე მიზეზის გამო შემცირდა:
- მნიშვნელოვანი ინვესტიციები საზოგადოებრივ განათლებაში
- მძღოლებს ადვილად მიუწვდებათ ხელი სახელმძღვანელოზე, რომლითაც განსაზღვრავენ, არიან თუ არა ზედმეტად ნასვამები საჭესთან დასაჯდომად.
- აღსრულების ძლიერი სტრატეგიები, მათ შორის, გზებზე ტესტირება
- ნასვამ მდგომარეობაში მართვის სამართლებრივი შემთხვევების გასაჯაროების მაღალი მაჩვენებელი
გარდა ამისა, თუკი სისხლში ალკოჰოლის დონე გარკვეულ მაჩვენებელს აჭარბებს, ხდება მართვის მოწმობის ჩამორთმევა, იმის მიუხედავად, თუ როგორ მართავდა მძღოლი მანქანას. სისხლში ალკოჰოლის დონის მაჩვენებელი კარგი საშუალებაა იმის დასადგენად, აქვს თუ არა პირს კანონიერად მართვის უფლება.
მკვლევრებმა განიზრახეს დაედგინათ, შესაძლებელია თუ არა ავსტრალიის გზებზე დაღლილობით გამოწვეული ავტოავარიების რაოდენობის შემცირება, თუკი ასეთივე სტრატეგიას მივყვებით. არსებობს თუ არა რაიმე წერტილი, რომლის იქითაც დაღლილობის გამო მანქანის ტარების უფლება აღარ უნდა გვქონდეს?
ამისათვის, მკვლევართა ჯგუფმა შეაფასა ლაბორატორიული და საველე კვლევებიდან მიღებული სამეცნიერო მტკიცებულებები; ამ კვლევების მიზანი იმის განსაზღვრა იყო, რამდენი ძილია საჭირო ავტომობილის უსაფრთხოდ მართვისთვის.
61 უნიკალური კვლევის შეჯერების შემდეგ, მკვლევრებმა დაადგინეს, რომ წინა 24 საათში 4-5 საათზე ნაკლები ძილი დაკავშირებულია ავტოავარიის რისკის თითქმის გაორმაგებასთან. ავარიის ასეთივე რისკია იმ შემთხვევაშიც, როდესაც მძღოლის სისხლში ალკოჰოლის კონცენტრაცია 0,05 პროცენტია.
მძღოლის მიერ ავარიის მოხდენის რისკი მნიშვნელოვნად იზრდება წინა ღამით ყოველი საათით ნაკლები ძილის შემთხვევაში. ზოგიერთი კვლევა იმასაც მიუთითებს, რომ როცა მძღოლს წინა ღამით ოთხ საათზე ნაკლები ეძინა, 15 პროცენტით მაღალი აქვს ავარიის მოხდენის შანსი.
მკვლევართა მიერ ჩატარებული მიმოხილვა სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიუთითებს, რომ გონივრული უნდა იყოს, საჭესთან დაჯდომის წინ მძღოლებს გარკვეული რაოდენობის ძილი მოეთხოვოთ. თუკი რისკის ხარისხს ინტოქსიკაციისას გავუთანაბრებთ, შესაძლებელი უნდა გახდეს, რომ მძღოლებს საჭესთან დაჯდომის წინ სულ მცირე 4-5-საათიანი ძილი მოეთხოვოთ.
თუმცა, მხედველობაში უნდა მივიღოთ უფრო მეტი რამ, ვიდრე სამეცნიერო მტკიცებულებები. უმეტეს შემთხვევაში, ალკოჰოლის მიღება ინდივიდის არჩევანია. მრავალ ადამიანს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ბევრი იძინოს — მაგალითად, ახალ მშობლებს, ცვლაში მომუშავეებს და ძილის დარღვევების მქონე ადამიანებს. ამას გარდა, დაღლილზე მანქანის მართვის რეგულირებისთვის საჭიროა მნიშვნელოვანი მხარდაჭერა საზოგადოების მხრიდან.
მხედველობაში ასევე უნდა მივიღოთ, როგორ აღსრულდება ასეთი კანონი. ამჟამად არ არსებობს გზა, რომლითაც გზებზე დაღლილობის შეფასება მოხდება — არც სისხლის და არც ჩასაბერ ტესტს არ შეუძლია დაადგინოს, რამდენი გეძინათ ან რამდენად დაქვეითებული გაქვთ მართვის უნარი.
შედეგად, დაღლილობის რეგულირება ალბათ ავარიის შემთხვევებში უნდა მოხდეს. იყო თუ არა მძღოლი დაღლილობის გამო მართვისთვის შეუფერებელი იმ დროს? და შესაბამისად, არის თუ არა ის იურიდიულად პასუხისმგებელი?
დაღლილი მძღოლების რეგულირების იდეა ახალი არ არის. ნიუ-ჯერსის შტატში მოქმედებს „მეგის კანონი“, რომელიც მძღოლებს მართვის უფლებას არ აძლევს, თუ წინა 24 საათში არც ერთი წუთი არ სძინებიათ.
ეს კანონი 2003 წელს ამოქმედდა, მას შემდეგ, რაც დაღლილმა მძღოლმა კოლეჯის სტუდენტი იმსხვერპლა; მის შემოღებას მრავალი ადამიანი მიესალმა.
წინასწარი შედეგები მიუთითებს, რომ მძღოლებისთვის უფრო სპეციფიკური საზოგადოებრივი განათლება და სახელმძღვანელოა საჭირო, რათა მათთვის მისაღები გახდეს იდეა, რომ თავი აარიდონ დაღლილზე მანქანის მართვას. მაგალითად, კარგი იქნებოდა ადვილად შესასრულებელი სახელმძღვანელო იმის დასადგენად, ხართ თუ არა ზედმეტად დაღლილი მანქანის სამართავად.
კვლევა Nature and Science of Sleep-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით.