დამატებით, 3 000 სტუდენტზე გათვლილი საერთო საცხოვრებელი აშენდება – ამის შესახებ განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადა, სადაც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, საერთო საცხოვრებელს კერძო ინვესტორები ააშენებენ და თსუ-ს მეორე კორპუსის რეაბილიტაციაც დაიწყება.
მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ თსუ არის ინტელექტუალური ცენტრი, რომელსაც საზოგადოების ცხოვრებაში დიდი წვლილი შეაქვს.
„ყველას, მთელ საზოგადოებას, სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს, უნივერსიტეტის თანამშრომლებს მინდა მივულოცო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილე. განათლების სამინისტრო ყოველთვის მხარს დაუჭერს ინიციატივებს, როგორც მეცნიერები, ასევე, განათლების კუთხით, რაც უნივერსიტეტში ხორციელდება.
ასევე, სამინისტროს მხარდაჭერით უკვე გაიხსნა ლისის ტბასთან საერთო საცხოვრებელი. დაგეგმილია უფრო ფართომასშტაბიანი პროექტი, ეს არის 3 000 სტუდენტზე საერთო საცხოვრებელი, რომელიც აშენება. აქ კერძო ინვესტორები იქნებიან ჩართული და მალე დაიწყება მეორე კორპუსის რეაბილიტაცია და მისი რემონტი.
ამასთან, მეცნიერების ფესტივალი, რომელიც წელს ჩატარდება, მიეძღვნება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს და ღონისძიება უნივერსიტეტში გაიმართება“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.