ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე, როკ აილენდსა და დერბი ლაინში ვიქტორიანული ეპოქის სტილის სამსართულიანი სახლი დგას, რომელიც ერთდროულად ორ სახელმწიფოში მდებარეობს – ჰასკელის ბიბლიოთეკის და ოპერის თეატრის შენობა ამერიკის შეერთებულ შტატებს კანადისგან ყოფს. სახლი ორი მეზობელი სახელმწიფოს საზღვარზე, ვერმონტის შტატსა და კვებეკს შორის 1901 წელს აშენდა.
ჰასკელის ბიბლიოთეკისა და ოპერის თეატრის შენობის შესასვლელი შეერთებული შტატების მხარეს, ვერმონტის ჩრდილოეთითაა, ხოლო შენობის უკანა ფასადი კანადის ტერიტორიაზე მდებარეობს. ჰასკელის ბიბლიოთეკა იმითაც გამოირჩევა, რომ ორენოვან სამყაროს შორისაა მოქცეული, შესაბამისად, 115-წლოვანი ბიბლიოთეკის ხის თაროებზე ინგლისურ და ფრანგულენოვანი წიგნებია ჩამწკრივებული.
აგურითა და ხით აგებულ შენობაში საკონცერტო დარბაზი ორ ნაწილადაა გაყოფილი. სცენა კანადის მხარეს მოექცა, მაყურებლებისთვის განკუთვნილი წითელი პარტერი კი შეერთებული შტატების მიწაა. წიგნების თაროები ასევე ვერმონტის შტატს ეკუთვნის, ხოლო სამკითხველო დარბაზი – კანადას.
1976 წელს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ ჰასკელის ბიბლიოთეკისა და ოპერის თეატრი ამერიკის ისტორიული ადგილების ეროვნულ რეესტრში დაარეგისტრირა, ხოლო ცხრა წლის თავზე, 1985 წელს კანადის კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით, აღნიშნული შენობა ქვეყნის ისტორიული ადგილების ნუსხაში შეიტანეს.
ჰასკელის ბიბლიოთეკისა და ოპერის თეატრის დირექტორი წლების განმავლობაში კანადის მოქალაქე ჰელ ნიუმენი იყო. იგი დღემდე დარწმუნებულია, რომ ეს 110-წლოვანი შენობა ტურისტებს სწორედ ამ უნიკალური მდებარეობით იზიდავს, რომელიც მთელი მსოფლიოსთვის კეთილმეზობლური ურთიერთობების იდეალური მაგალითია. დღეს ჰასკელის ბიბლიოთეკისა და ოპერის თეატრის დირექტორის თანამდებობა შეერთებული შტატების მოქალაქეს უკავია. უკვე ათწლეულებია, რაც ეს შენობა ორივე სახელმწიფოს საკუთრებაა და დავის საკითხი არასოდეს ყოფილა.