TRAPPIST-1-ის პლანეტებზე ზედმეტად ბევრი წყალია იმისათვის, რათა სიცოცხლე არსებობდეს
არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ვანდერბილტის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა იპოვა მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც, ვარსკვლავ TRAPPIST-1-ის გარშემო მოძრავი ეგზოპლანეტები შეიძლება ზედმეტად ტენიანი იყოს სიცოცხლის მხარდასაჭერად.
ჯგუფის ახალი კვლევა ეფუძნება წინა კვლევათა შედეგებს, რომლებიც ფოკუსირებული იყო ამ ვარსკვლავის 7 პლანეტის მასის, დიამეტრისა და სიმკვრივეთა განსაზღვრაზე. თითოეული მათგანის შემადგენლობის გარკვევის მიზნით, ამ შედეგების საფუძველზე მკვლევრებმა კომპიუტერული მოდელი შექმნეს.
TRAPPIST-1-ის ვარსკვლავური სისტემა ასტრონომებმა შარშან აღმოაჩინეს. წარმოადგენს ჩვენგან 39 სინათლის წლის მანძილზე მდებარე წითელ ჯუჯა ვარსკვლავს, რომლის გარშემოც შვიდი პლანეტა მოძრაობს. თითოეული მათგანი დაახლოებით დედამიწის ზომისაა.
აღმოჩენის შემდეგ, გაჩნდა ვარაუდები, რომ სისტემის სულ მცირე ორ პლანეტაზე, შესაძლოა, სიცოცხლე არსებობდეს.
თუმცა ახლახან, მკვლევართა ამ ჯგუფმა ასეთ ვარაუდებს ცივი წყალი გადაასხა — მათი აზრით, სისტემის თითოეულ პლანეტაზე იმდენად ბევრი წყალია, რომ შეუძლებელია სიცოცხლის აღმოცენება.
პლანეტების მოდელირებისას, მკლვერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ყოველ ამ პლანეტაზე გაცილებით მეტი წყალია, ვიდრე დედამიწაზე — მათი მთლიანი მასის 10-50%-ს სწორედ წყალი შეადგენს. შედარებისათვის, დედამიწაზე არსებული წყალი ჩვენი პლანეტის მასის მხოლოდ 0,2 პროცენტია.
ასე ბევრი წყალი ნიშნავს იმას, რომ იქ არ უნდა იყოს მოშიშვლებული ხმელეთი და შესაბამისად, ვერ იქნება გეოქიმიური ციკლიც, რომელიც ხელს უწყობს ატმოსფეროს წარმოქმნას.
გარდა ამისა, პლანეტა, რომელიც დაფარულია ძალიან ღრმა ოკეანით, უნდა განიცდიდეს მანტიის უკიდურესად დიდ წნევას, ეს კი შეუძლებელს ხდის ქანების მოძრაობას მაღლა მიმართულებით, რაც მას დაგორებული თოვლის გუნდის ეფექტს აძლევს.
შვიდივე პლანეტა კლდოვანია, ანუ აქვთ მყარი ზედაპირი. სამი მათგანი მოძრაობს ვარსკვლავის ე. წ. სასიცოცხლო ზონაში, მაგრამ მათი დედავარსკვლავი ჩვენს მზეზე 2000-ჯერ ბნელია. შედეგად, იმისათვის, რათა პლანეტები სიცოცხლისთვის ვარგისი იყოს, ძალიან ახლოს უნდა იყვნენ თავიანთ ვარსკვლავთან.
თუმცა, ეს ფაქტორი შესაძლოა პრობლემა იყოს რამდენიმე მიზეზის გამო: პირველ რიგში, ასეთი სიახლოვე გამოიწვევს პლანეტის გრავიტაციულ ჩაკეტილობას, ანუ მის ერთ მხარეს მუდმივად დღე იქენება, მეორე მხარეს კი ღამე. გარდა ამისა, წითელი ჯუჯა ვარსკვლავები ცნობილია დაუდეგარი ხასიათით — გამოაფრქვევენ ძალიან ბევრ ანთებებს, რომელთა რადიაციაც აუცილებლად მოსპობდა ახლომდებარე პლანეტებზე არსებულ სიცოცხლეს.
მკვლევართა აზრით, მათმა კვლევამ შეიძლება გავლენა ასევე იქონიოს პლანეტათა განვითარების თეორიებზე. როგორც ისინი შენიშნავენ, Trappist-1-ის შვიდივე პლანეტა ე. წ. თოვლის ხაზს შიგნითაა მოქცეული, მაგრამ მათი კომპიუტერული მოდელები მიუთითებს იმასაც, რომ დიდი ალბათობით, გარე პლანეტები ამ ხაზს მიღმა დაიბადნენ და შიდა მიმართულებით დროთა განმავლობაში გადაადგილდნენ.
კვლევა ჟურნალ Nature Astronomy-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია phys.org-ის მიხედვით