ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია (მსო) შეფარულად გააფრთხილა, რომ თუ გლობალური სავაჭრო კლუბი ამერიკის შეერთებულ შტატებს შესაბამისად არ მოქცევა, თეთრი სახლი „რამეს მოიმოქმედებს“. განცხადება დონალდ ტრამპმა ორშაბათს დანიის პრემიერ-მინისტრთან თეთრ სახლში შეხვედრის დროს მედიასთან გააკეთა. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
დასავლური მედიასაშუალებები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ტრამპის განცხადებაში მსო-დან აშშ-ის გასვლის შეფარული მუქარა იკითხება, რომელიც ტრამპმა ევროკავშირის ოფიციალური გაფრთხილებიდან რამდენიმე საათის შემდეგ გააკეთა.
როგორც ცნობილია, ოფიციალურმა ბრიუსელმა ორშაბათს განაცხადა, რომ თუ აშშ ევროპიდან იმპორტირებულ ავტომობილებზე ტარიფს გაზრდის, ეს ამერიკულ ავტოინდუსტრიასვე დააზარალებს.
დანიის პრემიერ-მინისტრთან, მარკ რატთან შეხვედრის დროს ტრამპმა განცხადა, რომ „მსო ამერიკის შეერთებულ შტატებს მეტისმეტად ცუდად მოექცა“ და იმედი გამოთქვა, რომ ორგანიზაცია შეცვლის დამოკიდებულებას.
„ჩვენ ძალიან შეზღუდული ვართ მსო-ში. და ახლა არაფერს ვგეგმავთ, მაგრამ თუ ისინი შესაბამისად არ მოგვექცევიან, ჩვენ რამეს მოვიმოქმედებთ“,- განაცხადა ტრამპმა, თუმცა დეტალები არ დააზუსტა.
ტრამპის განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე ამერიკულმა ინტერნეტ-გამოცემამ Axios-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ტრამპის ადმინისტრაციამ უკვე შეიმუშავა კანონპროექტი, რომელიც პრეზიდენტს საშუალებას მისცემს, გარკვეულ ქვეყნებთან საკუთარი სურვილის მიხედვით გაზარდოს ტარიფები და სპეციალური ტარიფების დაწესების მიზნით, გამართოს მოლაპარაკებები. ეს ორივე ქმედება ეწინააღმდეგება მსო-ს ფუნდამენტურ წესებს.
ტრამპის ადმინისტრაციასთან დაახლოებულმა პირმა გასულ კვირას „როიტერს“ ანონიმურად გაუმხილა, რომ პირად საუბარში პრეზიდენტმა ტრამპმა მსო-ს დატოვების სურვილი გამოთქვა, თუმცა ამას სერიოზული სახე არ ჰქონია.
მოგვიანებით, ორშაბათს ტრამპის პრეს-სპიკერმა, სარა სანდერსმა განმარტა, რომ ტრამპი გლობალურ ვაჭრობაში პრობლემების მოგვარებაზეა ფოკუსირებული და არა მსო-ს დატოვებაზე, რომელიც გლობალური სავაჭრო სისტემის ფუნდამენტს წარმოადგენს.
დანიის პრემიერთან შეხვედრის დროს ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია ვაჭრობის საკითხების მოსაგვარებლად ევროკავშირის წარმომადგენლებთან მალე შეხვედრას აპირებს. როგორც ცნობილია, აშშ-მ უკვე დაუწესა ახალი ტარიფები ევროპულ ალუმინისა და ფოლადის იმპორტს.
პარალელურად, ტრამპის ადმინისტრაციაში მიმდინარეობს კვლევა, ხომ არ არღვევს ევროპიდან ავტომობილების იმპორტი შტატების ეროვნულ უსაფრთხოებას. ბრიუსელი ვარაუდობს, რომ ამ კვლევის შედეგად ვაშინგტონი საიმპორტო ტარიფებს ევროპულ ავტომობილებსა და ავტონაწილებზეც გაზრდის.
ტარიფების ზრდის შეჩერების მიზნით, გასულ პარასკევს ოფიციალურმა ბრიუსელმა წერილობითი ანალიზი გაუგზავნა აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტს, სადაც განმარტა, რომ ავტოიმპორტზე ტარიფების ზრდა გაუმართლებელია და ამერიკულ ავტოინდუსტრიას დააზარალებს. თანაც, ტარიფების ზრდის შემთხვევაში ევროკავშირი 300 მილიარდი დოლარის ამერიკული პროდუქციის ექსპორტს საპასუხო ტარიფებს დაუწესებს