ენტონი ბლინკენის განცხადებით, ვლადიმერ პუტინი გააფრთხილეს, რომ უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენებას რუსეთისთვის შედეგები მოჰყვება
ენტონი ბლინკენის განცხადებით, ვლადიმერ პუტინი გააფრთხილეს, რომ უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენებას რუსეთისთვის შედეგები მოჰყვება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენის განცხადებით, ვლადიმერ პუტინი გააფრთხილეს, რომ უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენებას რუსეთისთვის შედეგები მოჰყვება. ამის შესახებ ბლინკენმა „ბლუმბერგთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენ გვქონდა ამაზე ძალიან მკაფიო და პირდაპირი კომუნიკაცია რუსებთან, მათ შორის პრეზიდენტ პუტინთან. ჩვენ შეშფოთებულები ვართ“, – აღნიშნა ბლინკენმა.

მისი თქმით, რუსეთის საუბარი უკრაინის მიერ ე.წ. ბინძური ბომბის გამოყენების გეგმაზე არის მორიგი ფაბრიკაცია. როგორც ბლინკენმა აღნიშნა, რუსეთს წარსულშიც მიუწერია სხვებისთვის ისეთი ქმედება, რომლის ჩადენასაც თავად განიხილავს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ამგვარ რიტორიკას უპასუხისმგებლო უწოდა.

ამასთან, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ამ ეტაპისთვის აშშ ვერ ხედავს მიზეზს, შეცვალოს თავისი ბირთვული პოზიცია.

მან ასევე მნიშვნელოვანი და აუცილებელი უწოდა აშშ-ისა და მოკავშირეების მიერ უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელება.