მედიის ცნობით, აშშ და დიდი ბრიტანეთი რუსეთს ჩრდილოეთ კორეისგან იარაღის შესყიდვის შესახებ აფრთხილებენ
მედიის ცნობით, აშშ და დიდი ბრიტანეთი რუსეთს ჩრდილოეთ კორეისგან იარაღის შესყიდვის შესახებ აფრთხილებენ

აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთი ჩრდილოეთ კორეისგან იარაღის შესყიდვის შესახებ გააფრთხილეს.

„ჩვენ მოვუწოდებთ ყველა წევრ სახელმწიფოს, შეახსენონ რუსეთს უშიშროების საბჭოს ვალდებულებები, შეახსენონ, რომ ორ ქვეყანას შორის იარაღის ნებისმიერი გადაცემა დაარღვევს გაერო-ს შეიარაღების ემბარგოს ჩრდილოეთ კორეაზე, რომლის მიღებასაც თავად რუსეთმა მისცა ხმა“, – განაცხადა გაერო-ში აშშ-ის ელჩმა, რობერტ ვუდმა.

„არსებობს უტყუარი მტკიცებულება იმისა, რომ რუსეთი აწარმოებს მოლაპარაკებებს პოტენციურ გარიგებებზე ჩრდილოეთ კორეიდან მნიშვნელოვანი რაოდენობისა და მრავალი ტიპის საბრძოლო მასალის შესახებ, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ იქნება გამოყენებული. ეს ასახავს თვალთმაქცობას, რომელიც ახასიათებს რუსეთის ქცევას საერთაშორისო ასპარეზზე“, – აღნიშნავს გაერო-ში ბრიტანეთის ელჩი ბარბარა ვუდვორდი.

გაერო-ში უკრაინის ელჩის მოადგილის, ხრისტინა ჰაიოვიშინის თქმით, მოსკოვი ცდილობს, მოიძიოს უცხოური წყაროები სამხედრო არსენალის შესავსებად. დიპლომატის თქმით, უკრაინა ყურადღებით აკვირდება რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის მიმდინარე კონტაქტებს.

ჰაიოვიშინი აღნიშნავს, რომ საბრძოლო მასალის მიწოდების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, ეს იქნება რუსეთის მიერ უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებების კიდევ ერთი მძიმე დარღვევა.

თავის მხრივ, გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთმა შეერთებული შტატები უკრაინისთვის კასეტური საბრძოლო მასალის მიწოდების გამო გააკრიტიკა.

„გადაწყვეტილება არაკეთილსინდისიერია“, – განაცხადა გაერო-ში რუსეთის ელჩმა ვასილი ნებენზიამ.