დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შემდეგი შეხვედრა 2019 წლამდე გადაიდო. ამის შესახებ თეთრი სახლი იუწყება. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტებით, ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევასთან დაკავშირებით მიმდინარე საქმის გამოძიების შემდეგ შედგება.
ცოტა ხნის წინ დონალდ ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მის მრჩეველს, ჯონ ბოლტონს ვაშინგტონში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ვიზიტის ორგანიზება დაავალა. პრეზიდენტების მეორე შეხვედრა შემოდგომაზე უნდა შემდგარიყო.
„პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ პუტინთან მეორე შეხვედრა საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის. ე.წ. ალქაჯებზე ნადირობის საქმის დასრულების შემდეგ შედგეს. შესაბამისად, შევთანხმდით, რომ შეხვედრა 2019 წელს გაიმართება“, – ასეთი განცხადება გააკეთა ჯონ ბოლტონმა თეთრი სახლის ანგარიშში.
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის პირველი ისტორიული შეხვედრა 16 ივლისს, ჰელსინკიში გაიმართა. სამიტმა, მის შემდეგ გამართულმა ერთობლივმა პრესკონფერენციამ და ტრამპის განცხადებებმა ამერიკელი პოლიტიკოსების დიდი ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია.