აშშ-ის კონგრესში დემოკრატები დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის მოლაპარაკებებთან დაკავშირებულ დოკუმენტებზე წვდომას ითხოვენ
აშშ-ის კონგრესში დემოკრატები დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის მოლაპარაკებებთან დაკავშირებულ დოკუმენტებზე წვდომას ითხოვენ

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის სამი კომიტეტის თავმჯდომარე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მოლაპარაკებებთან დაკავშირებულ დოკუმენტებთან წვდომას ითხოვენ.

სააგენტო „როიტერის“ ცნობით, შესაბამისი წერილით დაზვერვის, ზედამხედველობისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებმა, დემოკრატმა კონგრესმენებმა თეთრ სახლსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს მიმართეს.

იანვარში გამოცემა „ვაშინგტონ პოსტი“ წერდა, რომ ტრამპმა თავისი ადმინისტრაციის წევრებს სულ მცირე ერთხელ დაუმალა რუს კოლეგასთან მოლაპარაკებების დეტალები. კერძოდ, გამოცემის მტკიცებით, 2017 წელს ჰამბურგში, „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ტრამპმა თავის თარჯიმანს ჩანაწერები წაართვა.