დონალდ ტრამპის ყოფილ მრჩეველ, სტივ ბენონს მექსიკის საზღვარზე კედლის ასაშენებლად, თანხების მოზიდვის ონლაინ-კამპანიასთან დაკავშირებით თაღლითობაში წაუყენეს ბრალი.
როგორც „ფოქს ნიუსი“ იტყობინება, სტივ ბენონი ფინანსური თაღლითობის სქემის გამოძიების ფარგლებში დაკავებულ ოთხ პირს შორის ერთ-ერთია.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებით, დაკავებულებმა კამპანიის „ჩვენ ვაშენებთ კედელს“ ფარგლებში ასობით ათასი დონორი მოატყუეს, რა დროსაც მოქალაქეებს დაჰპირდნენ, რომ შემოსული თანხა სრულად მოხმარდებოდა კედლის მშენებლობას. კამპანიის შედეგად 25 მილიონი დოლარი შეგროვდა.
იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებით, სტივ ბენონმა ერთ მილიონ დოლარზე მეტი მიიღო. აღნიშნული თანხის ნაწილი მან პირადი მიზნებისთვის გამოიყენა.
სტივენ ბენონი სტრატეგიულ საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის პოსტს 2017 წლის იანვრიდან აგვისტომდე იკავებდა. მანამდე, 2016 წლის აგვისტოდან ის დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა.