ტრამპის მრჩეველი ტრიუდოზე - ჯოჯოხეთში განსაკუთრებული ადგილია მათთვის, ვინც პრეზიდენტ ტრამპის მიმართ დიპლომატიური ღალატის გზას ირჩევენ
ჯოჯოხეთში განსაკუთრებული ადგილია იმ უცხოელი ლიდერებისთვის, რომლებიც პრეზიდენტ ტრამპის მიმართ დიპლომატიური ღალატის გზას ირჩევენ, – ამის შესახებ ვაჭრობის საკითხებში თეთრი სახლის წარმომადგენელმა, დონალდ ტრამპის მრჩეველმა, პიტერ ნავარომ კანადის პრემიერ-მინისტრზე ჯასტინ ტრიუდოზე საუბრისას განაცხადა. ეს კომენტარი ნავარომ ტელეკომპანია Fox News-ის ეთერში გააკეთა.
„ჯოჯოხეთში განსაკუთრებული ადგილია იმ უცხოელი ლიდერებისთვის, რომლებიც პრეზიდენტ ტრამპის მიმართ დიპლომატიური ღალატის გზას ირჩევენ, შემდეგ კი, როდესაც პრეზიდენტი მიდის, ზურგში დანის ჩარტყმას ცდილობენ. ეს სწორედ ის არის, რაც არაკეთილსინდისიერმა ჯასტინ ტრიუდომ თავის დადგმულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. სუსტი, თაღლითი ჯასტინ ტრიუდო“, – განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.
ასევე, ნავაროს თქმით, კანადა იგრძნობს ამ კონფლიქტის შედეგებს.
„მინდა ჩემს კანადელ მეგობრებს ვუთხრა, ეს კანადის თანამედროვე ისტორიაში კანადელი ლიდერის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი პოლიტიკური შეცდომა იყო“, – აღნიშნა ნავარომ.
შეგახსენებთ, კანადის ქალაქ კვებეკში „დიდი შვიდეულის“ სამიტის მონაწილეებს შორის რიგ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობა იყო. დონალდ ტრამპმა უარი თქვა სამიტის კომუნიკეს ხელმოწერაზე და შეხვედრა დატოვა.
სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრიუდომ ვაშინგტონის სავაჭრო პოლიტიკა გააკრიტიკა და აშშ-ის მიერ ფოლადსა და ალუმინზე დაწესებულ ტარიფებს უსამართლო უწოდა.
„ჯასტინ ტრიუდო დიდი შვიდეულის სამიტის მიმდინარეობისას ისე რბილად და მოკრძალებულად გამოიყურებოდა, ჩემი წასვლის შემდეგ კი, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „აშშ-ის ტარიფები იყო საკმაოდ შეურაცხმყოფელი“ და რომ ის „ზეწოლას ვერ მოითმენს“. ეს ძალიან უსამართლო და სუსტია. ბოდიში, მაგრამ ჩვენ ვეღარ დავუშვებთ, რომ ჩვენმა მეგობრებმა ან მტრებმა ვაჭრობაში გამოგვიყენონ“, – დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა მოგვიანებით სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.