ტრამპის ადვოკატმა ჯონ დაუდმა თანამდებობა დატოვა
ტრამპის ადვოკატმა ჯონ დაუდმა თანამდებობა დატოვა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადვოკატმა ჯონ დაუდმა თანამდებობა დატოვა. დაუდი ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმეში ტრამპის ადვოკატი იყო.

ჯონ დაუდის გადადგომას წინ უძღოდა ტრამპის კრიტიკა სპეციალური პროკურორის, რობერტ მიულერის მიმართ. დაუდიმ კი განაცხადა, რომ გამოძიება უნდა დასრულდეს, რადგან ამ ხნის განმავლობაში პროგრესი არ არის.

დაუდმა გადადგომის მიზეზად პრეზიდენტთან უთანხმოება გამორიცხა. მან მხოლოდ ერთი კომენტარი გააკეთა.

„მე მიყვარს პრეზიდენტი და ყველა საქმეში წარმატებას ვუსურვებ!“ – განაცხადა ტრამპის ყოფილმა ადვოკატმა.

რობერტ მიულერი 2017 წლის აგვისტოდან ზემოთ ხსენებულ საქმეს იძიებს. 2018 წლის თებერვალში მიულერმა გამოძიების ფარგლებში რუსეთის 13 მოქალაქეს ბრალი ოფიციალურად წაუყენა. მათგან სამს კონსპირაციულ პროექტში მონაწილეობაში ადანაშაულებენ, ხუთს კი ამერიკის მოქალაქეების პირადი მონაცემების მითვისებას ედავებიან.

ბრალდებაში დასახელებულია სამი რუსული კომპანიაც, მათ შორის ე.წ. ტროლების ქარხანა, რომელიც აშშ-ის წინააღმდეგ ყალბი ინფორმაციის გავრცელებითა და ყალბი ანგარიშებით სოციალურ ქსელებში ინფორმაციულ ომს აწარმოებდა.