თორნიკე რიჟვაძე - ამომრჩეველს მოვუწოდებ, თამამად და გაბედულად მიიღონ მონაწილეობა მეორე ტურში, ვერანაირი სირცხვილის კორიდორები ვერ მოეწყობა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ამომრჩეველს მოუწოდებს, არჩევნების მეორე ტურში თამამად მიიღონ მონაწილეობა.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ მეორე ტურებისთვის აქტიურად ემზადება. თორნიკე რიჟვაძე დაანონსებულ სირცხვილის კორიდორებთან დაკავშირებით ამბობს, რომ ეს არის უმწიფარი პოლიტიკური გადაწყვეტილება.
„ჩვენს ამომრჩეველს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ ძალიან თამამად და გაბედულად მიიღონ მონაწილეობა მეორე ტურში. ჩვენ ძალიან აქტიურად ვემზადებით მეორე ტურებში მონაწილეობის მისაღებად. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შემდეგ უკვე ძალიან სწრაფად მოხდეს, როგორც მთავრობის დამტკიცება, ასევე ყველა პროცედურა იქნას მოკლე დროში დასრულებული, ვინაიდან გვაქვს არაერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა, რომელზეც მთავრობა ვალდებულია, ჰქონდეს რეაგირება.
რაც შეეხება სირცხვილის კორიდორებს, ეს არის აბსოლუტურად უმწიფარი პოლიტიკური გადაწყვეტილებები, პოლიტიკური სიახლეები. ჩვენ მეორე ტურებში მივიღებთ მონაწილეობას, გავიმარჯვებთ. გვაქვს საკმაოდ დიდი შესაძლებლობა, რომ აჭარის უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილი ვიყოთ საკონსტიტუციო უმრავლესობით.
როგორც მოსახლეობამ, საქართველოს მოქალაქეებმა გადაწყვიტეს, შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ განახორციელებს ხელისუფლებას და ყველას, მათ შორის წვრილ და შედარებით მსხვილ პარტიებს აქვს შესაძლებლობა, იყვნენ წარმოდგენილი როგორც საქართველოს პარლამენტში, ასევე რეგიონის პოლიტიკურ ცხოვრებაში. თუმცა, ეს არის მათი გადასაწყვეტი. ჩვენ ჩვენი პასუხისმგებლობა გვაქვს და ვაპირებთ, რომ ამ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე ვიმოქმედოთ. ვერანაირი სირცხვილის კორიდორები ვერ მოეწყობა. თვითონ იარონ ამ სირცხვილის კორიდორებში, როგორც უნიჭოდ დგამენ და მართლაც უკადრებელს კადრულობენ. ჩვენს ამომრჩეველს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მაქსიმალური აქტიურობისკენ, ყველამ უნდა დააფიქსიროს მათი ხმა როგორც მეორე ტურში ასევე, შემდგომ ჩვენ გვექნება მათთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო პოლიტიკური ცხოვრების პერიოდი. მათ შორის იმ პრობლემებზე რეაგირების, რომელიც მოსახლეობას აწუხებს. ასე, რომ ვერავინ ვერავის ვერ შეარცხვენს, თუკი ვინმეს უნდა შერცხვეს, უნდა შერცხვეთ იმ უნიჭო პერფორმანსებით, რასაც მათი დავალებით აკეთებს ის პატარა უნიჭო აქტორების ჯგუფი“, – განაცხადა რიჟვაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის ლიდერმა ლევან ვარშალომიძემ გუშინ ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებს მიმართა და მხარდამჭერებს მოუწოდა, 21 ნოემბერს, არჩევნების მეორე ტურზე საარჩევნო უბნებთან სირცხვილის კორიდორი მოაწყონ.