თორნიკე შარაშენიძე - ლუგარის ლაბორატორიაზე დეზინფორმაციის გავრცელებით რუსეთი ანტიდასავლური განწყობების დანერგვას ცდილობს
თორნიკე შარაშენიძე - ლუგარის ლაბორატორიაზე დეზინფორმაციის გავრცელებით რუსეთი ანტიდასავლური განწყობების დანერგვას ცდილობს

სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებლის, თორნიკე შარაშენიძის განცხადებით, რუსეთი ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ ანტიკამპანიას აწარმოებს და საქართველოში ანტიამერიკული და ანტიდასავლური განწყობების დანერგვას ცდილობს.

როგორც ჟურნალისტებს შარაშენიძემ განუცხადა, წესით, რუსეთის მსგავსი ბოდვის არავის არ უნდა სჯეროდეს.

მითუმეტეს რუსეთის დელეგაცია ლუგარის ლაბორატორიაში ბევრჯერ ყოფილა. ბოლო პერიოდში, რუსეთი ბევრ სკანდალში გაეხვა, მათ შორის ქიმიური იარაღის გამოყენებისა და მოწამვლის სკანდალში, “სკრიპალის საქმეს” ვგულისხმობ. როგორც ჩანს, რუსეთი ამ ამბის გადაფარვას ცდილობს და სურს, ამერიკას შეედაოს, რომ საქართველოში ხალხს ქიმიური იარაღით ხოცავს. ალბათ, იმის იმედი აქვს, რომ საქართველოში ზოგიერთი არაინფორმირებული ადამიანი ამას დაიჯერებს, მითუმეტეს, არჩევნების წინ.

ცდილობენ, ანტიამერიკული და ანტიდასავლური განწყობები დანერგონ. ამით რომელი საპრეზიდენტო კანდიდატი იხეირებს, კარგად ხვდებით. ასეც რომ არ იყოს, ​შიზოფრენიითა და შეთქმულების თეორიებით ანტიამერიკული განწყობების დათესვა ახალი არ არის და სამწუხაროდ, ხანდახან მუშაობს ხოლმე”, – განაცხადა შარაშენიძემ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გუშინ განაცხადა, რომ „აშშ-ი ლუგარის ლაბორატორიაში საქართველოს მცხოვრებლებზე ექსპერიმენტებს ატარებს“. რუსული მხარის მტკიცებით, ტოქსიკური ნივთიერების გამოცდის გამო, 2015 წლის დეკემბერის შემდეგ ათობით ადამიანი დაიღუპა. ეს განცხადება რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარების მეთაურმა იგორ კირილოვმა გააკეთა. ამასთან, თავდაპირველად ამ თემაზე პრესკონფერენცია მოსკოვში იგორ გიორგაძემ გამართა.

დღეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებას უპასუხა  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ. როგორც გამყრელიძემ განაცხადა, რუსეთი აგრძელებს უსაფუძვლო დეზინფორმაციის გავრცელებას რიჩარდ ლუგარის ცენტრის მუშაობასთან დაკავშირებით.