თორნიკე რიჟვაძემ შესაბამის უწყებებს ტურისტული სეზონის ოფიციალურად გახსნამდე საგანგებო რეჟიმში მუშაობა დაავალა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, აჭარაში ვიზიტორთა ზრდა ფიქსირდება.
როგორც რიჟვაძემ აჭარის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, წელს ტურისტული სეზონის მნიშვნელოვან გამოცოცხლებას ვარაუდობს.
„პირველი კვარტლის მონაცემებით, 2019 წელთან შედარებით, ვიზიტორთა ნაკადები აღდგენილია 50%-ით და ბოლო 3 თვის მაჩვენებლით, ბათუმის აეროპორტში გვაქვს 30%-იანი ზრდა 2019 წელთან შედარებით. ასევე, წელს პირველად დაინიშნა შესაბამისი ავიარეისი ბათუმი-რიგას მიმართულებით, რომელიც მეტად გაამყარებს ჩვენი რეგიონის პოზიციებს ბალტიისპირეთის ქვეყნებში. 16 სამიზნე ქვეყანაში ხორციელდება შესაბამისი მარკეტინგული ძალისხმევა ტურისტების მოსაზიდად და წელს, დარწმუნებული ვარ, ტურიზმის სექტორისთვის იქნება წარმატებული სეზონი“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ შესაბამის უწყებებს მომდევნო სამი კვირის განმავლობაში, ტურისტული სეზონის ოფიციალურად გახსნამდე, საგანგებო რეჟიმში მუშაობა დაავალა.
„მინდა, დავავალო შესაბამის უწყებებს, როგორც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას, ასევე ტურიზმის დეპარტამენტს, პირველ რიგში, ბათუმის ბულვარის ხელმძღვანელობას, რომ როგორც ინფრასტრუქტურის, ასევე სერვისების ნაწილში, შემდეგი 3 კვირა იყოს საგანგებო რეჟიმში მუშაობის პერიოდი, რათა სეზონის ოფიციალური გახსნა იყოს მაქსიმალურად მომზადებული. ამავე დროს, ჩვენთვის კარგადაა გასაგები, რომ გარდა შესაბამისი უწყებებისა, მნიშვნელოვანია შესაბამისი კონტრაქტორი, შემსრულებელი კომპანიების მზაობა“, – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.