თორნიკე რიჟვაძემ „მეტრო ატლას ჯორჯიასთან“ ხულოს მერიის შენობის აშენებაზე დადებული ხელშეკრულება გააუქმა
თორნიკე რიჟვაძემ „მეტრო ატლას ჯორჯიასთან“ ხულოს მერიის შენობის აშენებაზე დადებული ხელშეკრულება გააუქმა

კომპანია „მეტრო ატლას ჯორჯიასთან“ დადებული შეთანხმება, რომლის მიხედვითაც თურქ ინვესტორს ხულოს მერიის ადმინისტრაციული შენობა უნდა აეშენებინა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ გააუქმა.

შეთანხმება მისი წინამორბედის ზურაბ პატარაძის დროს შედგა. ხელშეკრულებას ხელი კომპანიის ხელმძღვანელმა და ხულოს მერმა რამდენიმე თვის წინ საზეიმო ვითარებაში მოაწერეს.

თორნიკე რიჟვაძე მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ადმინისტრაციული შენობები სახელმწიფო ხარჯით უნდა აშენდეს, ინვესტორის კეთილი ნება კი სოციალური მიმართულებით უნდა იყოს გამოყენებული.

„გადავხედე აღნიშნულ გადაწყვეტილებას, მიზანშეუწონლად მიმაჩნია ადმინისტრაციული შენობების დაფინანსება ხდებოდეს ამ ფორმით, შესაბამისად სახელმწიფო თავის თავზე აიღებს ადმინისტრაციული შენობების გარემონტების ხარჯებს და ხალხის მიერ არჩეული მერი, რა თქმა უნდა, იქნება იმ შენობაში, რომელსაც სახელმწიფო საკუთარი რესურსით გააკეთებს. რაც შეეხება ინვესტორის მზაობას, ეს, რა თქმა უნდა, სხვა სოციალური მიმართულებით, შეიძლება იქნას გამოყენებული“ – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.