თორნიკე რიჟვაძე - პირადად გავაკონტროლებ, რომ აჭარაში თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს სათანადო ზრუნვა, ყველა საჯარო მოხელის მხრიდან
თორნიკე რიჟვაძე - პირადად გავაკონტროლებ, რომ აჭარაში თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს სათანადო ზრუნვა, ყველა საჯარო მოხელის მხრიდან

არც ერთ საჯარო მოხელეს, არც ერთ ჩინოვნიკს არ ეპატიება საკითხების მიმართ გულგრილი დამოკიდებულება. პირადად გავაკონტროლებ, რომ აჭარაში თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს სათანადო ზრუნვა, სათანადო ყურადღება, ყველა საჯარო მოხელის მხრიდან, – ეს განცხადება აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ დღეს აჭარის მთავრობის გასვლით სხდომაზე გააკეთა, რომელიც ქედაში გამართა.

როგორც თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნ, გზავნილები, რომელიც ხელისუფლებამ არჩევნების პირველი ტურის შემდეგ მოსახლეობისგან მიიღო, გაანალიზებულია და ხელისუფლებას ექნება ადეკვატური რეაქცია.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩევნების შედეგებიც შეაჯამა და განაცხადა, რომ ამომრჩევლის მიმართ ხელისუფლება უფრო მეტ პასუხისმგებლობას გრძნობს.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ამომრჩეველს, რომლის აქტივობაც ძალიან მაღალი იყო, სწორედ მათი თავისუფალი ნების გამოხატვის საფუძველზე მივიღეთ ძალიან წარმატებული არჩევნები. ვულოცავ თითოეულ ამომრჩეველს, ვულოცავ სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტობას, რომელმაც აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა”, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე სოფლად ტურიზმის განვითარების საკითხებზე იმსჯელეს.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაევალა მომავალი წლიდან შეიმუშაოს სპეციალური პროგრამა ქედაში მეღვინეობის განვითარებისთვის, ეკონომიკის სამინისტროს კი მახუნცეთის განვითარების გეგმის შემუშავება დაევალა.

თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, გადაიჭრება წლების განმავლობაში კურორტ გომარდულში არსებული პრობლემა.

კურორტის მფლობელ კომპანიას მოეხსნება ყადაღა და ყველაფერი გაკეთდება, რომ ზამთრის სეზონი დროულად გაიხსნას.