თორნიკე რიჟვაძე - პატივს მივაგებთ გმირებს, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის თავისუფლებისთვის იბრძოლეს
საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით ბათუმში საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა სკვერში აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს და სამინისტროების წარმომადგენლები შეიკრიბნენ.
იუნკერთა საფლავები მათ ყვავილებით და გვირგვინით შეამკეს.
„კიდევ ერთხელ პატივს მივაგებთ გმირებს, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის თავისუფლებისთვის იბრძოლეს. დღეს განვითარებული მოვლენების ფონზე, მეტად აქტუალურია ოკუპაციის საკითხი, რომელიც არის დროებითი მოვლენა. პირველ რიგში, კიდევ ერთხელ, ხაზგასმით მინდა, გამოვხატო ჩვენი სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ, რომლებიც იბრძვიან მათი ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის.
ამავე დროს, მინდა, აღვნიშნო, რომ ჩვენი ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რაც არის ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის საუკეთესო ინტერესებში. ამიტომ, ყველამ უნდა ვისწავლოთ ემოციების გარეშე იმის კეთება, რაც ესაჭიროება ჩვენს ქვეყანას, პირველ რიგში, ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს.
რაც შეეხება ჩვენს მხარდაჭერას როგორც ჰუმანიტარული, ასევე სხვა მიმართულებებით, ჩვენ ვდგავართ უკრაინელი ხალხის გვერდით. ოპოზიცია რას ამბობს დღეს, ნაკლებად აქტუალურია. მათ ვურჩევდი, რომ საზოგადოებას ნუ ახვევენ იმ პროპაგანდისტულ ცნობიერებას, რომელმაც ერთხელ ჩვენი ქვეყანა უკვე ლამის გადაიყოლა. თუ დახმარება, მხარდაჭერა შეუძლიათ, ეს გააკეთონ კონკრეტული ქმედებებით და არა სიტყვებით. ახლა მაინც არის ის დრო, როცა ხელისუფლების კრიტიკას უნდა მოეშვან და სოლიდარობა გამოხატონ რეალური ქმედებებით. ეს არის კიდევ ერთხელ აბუჩად აგდება ხალხის, მეტს ვერაფერს ვიტყვი“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.