თორნიკე რიჟვაძე - მზად ვართ, კიდევ უფრო მეტი შემართებით, თავდაუზოგავად გავაგრძელოთ ზრუნვა ჩვენს მოქალაქეებზე, ქალაქებზე, სოფლებსა და დაბებზე, ერთად ყველაფერს შევძლებთ
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ამომრჩევლებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის და გამარჯვებას ულოცავს ბათუმისა და ხელვაჩაურის მერობის კანდიდატებს. ამის შესახებ თორნიკე რიჟვაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.
„გილოცავთ გამარჯვებას! მადლობა ნდობისა და მხარდაჭერისთვის. მადლობა, რომ კიდევ ერთხელ გვანდეთ ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის ხვალინდელი დღე. მადლობა, რომ მოგვეცით საშუალება სიძულვილს დავუპირისპიროთ – სიყვარული, უკუსვლას – პროგრესი, ღირსების შელახვას – ერთმანეთის პატივისცემა.
ვულოცავ არჩილ ჩიქოვანსა და ზაზა დიასამიძეს მეორე ტურის გამარჯვებით დასრულებას.
ბათუმმა დიდი ტრაგედია გადაიტანა და ჩვენს ქალაქს არ მოუშუშებია ეს დიდი ტკივილი. ზუსტად ვიცით ის გამოწვევები და პრობლემები, რომელიც ჯერ კიდევ გადასაჭრელია და მზად ვართ, კიდევ უფრო მეტი შემართებით, თავდაუზოგავად გავაგრძელოთ ზრუნვა ჩვენს მოქალაქეებზე, ჩვენს ქალაქებზე, სოფლებსა და დაბებზე. ერთად ყველაფერს შევძლებთ. გილოცავთ ღირსეულ გამარჯვებას!“ – წერს თორნიკე რიჟვაძე.