თორნიკე რიჟვაძე - ხულოს მერიაში პრემიებთან დაკავშირებით ამ ეტაპზე შემოვიფარგლეთ პოლიტიკური ყვითელი ბარათით
ხულოს მერიაში პრემიების შესახებ გადაწყვეტილების მიმღებებთან მიმართებით ამ ეტაპზე შემოვიფარგლეთ პოლიტიკური ყვითელი ბარათით, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ხულოს მუნიციპალიტეტში გაცემული პრემიების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.
თორნიკე რიჟვაძე ამბობს, რომ დღევანდელ ვითარებაში წახალისებებისა და პრემიების დრო არ არის და ამჯერად პოლიტიკური გუნდი მხოლოდ გაფრთხილებით შემოიფარგლა, რადგან პრემია მყისიერად დაბრუნდა ბიუჯეტში.
„ამ საკითხის ირგვლივ ერთხელ უკვე აღვნიშნე და დავაფიქსირე პოზიცია. მყისიერად მოხდა გაცემული პრემიის უკან დაბრუნება ბიუჯეტში. ამ ეტაპზე შემოვიფარგლეთ პოლიტიკური ყვითელი ბარათით და შესაბამისად, იმ პოზიციაზე ვრჩებით, რომ ასეთ ფორსმაჟორულ გარემოებებში, როცა ქვეყანას უჭირს, დაუშვებელია პრემიების და წახალისებების გაცემა. გადაწყვეტილების მიმღებებთან მიმართებით შემოვიფარგლეთ შესაბამისი პოლიტიკური და პარტიული გაფრთხილებით და მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ეს პრემიები გაცემული იყო რიგით თანამშრომლებზე“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.